ჩვენი ფორუმი: გალაქტიონ ტაბიძე - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

გალაქტიონ ტაბიძე

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3129
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 28 January 2011 - 01:50 PM Share

დადებული სურათი
გალაქტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

დადებული სურათი
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში

დადებული სურათი
გალაქტიონ ტაბიძის მამა

დადებული სურათი
გალაქტიონ ტაბიძის დედა

დადებული სურათი
გალაქტიონ ტაბიძე სემინარიაში

დადებული სურათი
ოლღა ოკუჯავა

გალაკტიონ ტაბიძე – ჭყვიშიდან მთაწმინდამდე (ბიოგრაფია)
1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“.
ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.
1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.
1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.
1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.
1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.
1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.

დადებული სურათი
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი თბილისში მისამართი: მარჯანიშვილის N4

დადებული სურათი
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი თბილისში

პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.
1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.
1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.
1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.
1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).
1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.
1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.
1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.
1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.
1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.
1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.
1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.
1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.
1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.
1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.
1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.
1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.
1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.
1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.
1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.
1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.
1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.


გატუნია - ასე ეძახდა გალაკტიონს მოფერებით დედა მთელი ცხოვრების მანძილზე.
გენიოსი პოეტი მისთვის უბრალოდ შვილი იყო. შვილი, რომლის გაგებაც ხშირად შეუძლებელი ხდებოდა. ერთხელ, როდესაც გალაკტიონი უკვე 37 წლის იყო იგი დედის მოსანახულებლად სოფელში ჩავიდა. დილით შვილის ოთახში შესულმა მაკრინემ უცნაური სურათი დაინახა. მშობელს მოულოდნელობისგან გული წაუვიდა: გატუნია ფანჯარასთან იდგა და მზის სხივებს ჰაერში თავდავიწყებით კოცნიდა.
1959 წლის 17 მარტს ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა. თვითმკვლელმა, რომელსაც პაციენტის სამოსი ეცვა, 13 მეტრი იფრინა და მიწაზე დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი რეკორდი, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს. მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცნობილი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე იყო.
გალაკტიონისთვის თვითმკვლელობა სპონტანური, ან გაუაზრებელი ნაბიჯი არ ყოფილა. ამაზე იგი ბავშვობიდანვე ფიქრობდა. პირველი მცდელობა 12 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. მომავალმა პოეტმა საღვთო სჯულში გამოცდა ვერ ჩააბარა და ამის გამო კარბოლის მჟავა დალია. მაშინ იგი ძლივს გადაარჩინეს. თვითმკვლელობაზე ფიქრი ტაბიძეს მთელი ცხოვრება თან სდევდა. სუიციდის შესახებ პოეტი საკუთარ დღიურში ერთგვარი სიხარულითაც კი წერს: "ისევ მაწვალებს ფიქრი თვითმკვლელობაზე, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა."
ბავშვობის შემდეგ ტაბიძეს საწამლავით თავის მოკვლის მორიგი მცდელობა 1959 წლის დასაწყისში ჰქონდა. გალაკტიონი მარჯანიშვილის ქუჩის 4 ნომერში ცხოვრობდა. მისი სახლის პირველ სართულზე სააფთიაქო სამმართველო იყო, სადაც პოეტს ყველა იცნობდა. ერთ დღეს იგი აფთიაქში შევიდა და საწამლავი მოითხოვა. მაგრამ, სპეციალური რეცეპტის გარეშე საწამლავის გაცემაზე მას უარი უთხრეს. აფთიაქში მიღებულმა უარმა ტაბიძე ვერ შეაჩერა. პოეტს თავის მოკვლა მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი მხოლოდ იმქვეყნად წასვლის ლამაზ ფორმას ეძებდა. გალაკტიონის წარმოსახვაში თვითმკვლელობას პოეზიასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა და ნამდვილ პოეტს სიცოცხლე მხოლოდ ასე უნდა დაესრულებინა.
გალაკტიონის წიგნის რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე, რომელიც პირადად იცნობდა პოეტს, იხსენებს, რომ სტუდენტობის დროს იგი ტაბიძეს მარჯანიშვილის ხიდთან შემთხვევით შეხვდა: "მეგობრებთან ერთად სპექტაკლიდან ვბრუნდებოდი, როდესაც ხიდის მოაჯირს დაყრდნობილი გალაკტიონი დავინახეთ. პოეტი ნასვამი იყო და მტკვარს უყურებდა. როცა მას გავუსწორდით მოტრიალდა და ჩემს თანამგზავრ გოგონას მიმართა: "რა ლამაზია ქალიშვილო მტკვარი... ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი." შემდეგ პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა: "რა კარგია მტკვარში თავის დახრჩობა."
1957 წლის 12 მარტს, ანუ თვითმკვლელობამდე სულ 5 დღით ადრე, გალაკტიონი თავის მეგობარ მხატვართან - კორნელი სანაძესთან მივიდა. იგი აღელვებული იყო. ტაბიძემ სანაძეს თავისი პორტრეტის დახატვა კატეგორიულად მოსთხოვა. მან მხატვარს ულტიმატუმიც კი წაუყენა: "ან ახლა დამხატავ, ან ვეღარასოდეს". სანაძის მიერ შესრულებული გალაკტიონის ჩანახატი პოეტის სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ დროისთვის პოეტს თვითმკვლელობა უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი. მან მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა: სად და როგორ მოიყვანდა ჩანაფიქრს სისრულეში.
თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას გალაკტიონის სულიერი მდგომარეობა განაპირობებდა. პოეტის მგრძნობიარე ბუნება მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული ტაბიძე, თავის შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც ადგილი მხოლოდ პოეზიისთვის რჩებოდა. რეალობასთან ყოველი შეხება გალაკტიონის სულ უფრო მეტ განმარტოებას იწვევდა. შვებას მხოლოდ ლექსებში პოულობდა, სადაც ყველა ფიქრი და გულისტკივილი გადაჰქონდა.
პოეტური ნიჭი გალაკტიონმა ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. 1908 წელს ჟურნალ "კვალში" მისი პირველი ლექსი - "შავი ღრუბელი" იბეჭდება. ექვსი წლის შემდეგ, მან უკვე კრებული გამოსცა. მისმა ლექსებმა თანდათან მთელი ქვეყანა დაიპყრო. 1914 წლიდან გალაკტიონი ზედიზედ რამდენიმე შედევრს ქმნის. ქუთაისში პოეტს თავისი მასწავლებლის რაფიელ ჩიხლაძის ქალიშვილი - რაისა შეუყვარდა. სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რაისა სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და იქვე გათხოვდა. პირველ სიყვარულს გალაკტიონმა "უსიყვარულოდ" მიუძღვნა.

უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის
კამარაზე,
სიო არ დაჰქრის ტყე არ კრთება
სასიხარულოდ
უსიყვარულოდ არ არსებობს არც
სილამაზე
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ...

ერთი წლის შემდეგ, ქვეყანას უკვე "მერი" მოევლინა. გალაკტიონმა ლექსი იმპერატრიცას ფრეილინას მერი შერვაშიძე-ჩაჩბას მიუძღვნა, რომელსაც პირადად არც კი იცნობდა. მერი აფხაზეთის მთავრის პროკოფი შერვაშიძის შვილი იყო. გალაკტიონის მუზა ქუთაისში დაიბადა, მაგრამ მამის სამსახურის გამო (პროკოფი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო), მალე პეტერბურგში გადასახლდა. ფრეილინა ისეთი ლამაზი იყო, რომ მის მიმართ კომპლიმენტი რუსეთის ფლეგმატურმა იმპერატორმა ნიკოლოზმაც კი არ დაიშურა - კíÿæíჭ ჯðåøíî ხûòü òჭêîé êðჭñèâîé - უთქვამს იმპერატორს მისი დანახვისას.
მერის მიმართ გალაკტიონის პლატონური სიყვარული 12 ტაეპში ჩაეტია. ლექსის გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ, მერი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანაშემწის შვილზე გიგუშა ერისთავზე გათხოვდა. წყვილმა ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერა.
გალაკტიონის ჩანაწერებიდან: "მას შემდეგ რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი "მერი", ძალიან ხშირად მკითხავდნენ თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი მე ვსარგებლობდი უფლებით თვითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი... ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!"
1919 წელს გამოვიდა გალაკტიონის მეორე კრებული "არტისტული ყვავილები". მასში გაერთიანდა: "მე და ღამე", "მესაფლავე", "ლურჯა ცხენები", "მერი", "მთაწმინდის ღამე", "გურიის მთები". სულ ოთხმოცდაექვსი ლექსი. გალაკტიონის შედევრები ერთი ამოსუნთქვით დაწერილს ჰგავდნენ. პოეტს რითმებს თითქოს ღმერთი კარნახობდა და მას ქაღალდზე მხოლოდ ლექსის გადატანა რჩებოდა.
გალაკტიონის წიგნების რედაქტორის ნოდარ ჯავახაძის აზრით, გალაკტიონ ტაბიძე ამ წიგნის გამოსვლისთანავე რომ გარდაცვლილიყო, ის მაინც უდიდეს პოეტად დარჩებოდა, რადგან ამ პერიოდის შემოქმედებით მან ქართულ პოეზიაში ახალი ორიენტირი გამოაჩინა და ლექსის განახლების პროცესი დაასრულა. "1926 წლის ჩათვლით, გალაკტიონის შემოქმედება ქართული პოეზიის მეორე რენესანსად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ პერიოდში იგი მხოლოდ შედევრებს წერდა, იშვიათად რომ სუსტი ლექსი ყოფილიყო".
სახლში ლექსებს გალაკტიონი სიბნელეში თხზავდა. იხურებოდა ოთახის კარი, გულმოდგინედ იკეტებოდა დარაბები. მასიურ სამუშაო მაგიდას მხოლოდ ძველ შანდალზე დამაგრებული თაფლის სანთლები ანათებდნენ. ქაღალდზე ჩვეულებრივი ფანქრით ნაწერი, არაჩვეულებრივი რითმები ჩნდებოდა. იგი წერისთვის მუდამ მზად იყო. წერდა ყველგან და ყველაფერზე: მანქანაში, გზაში, ხელსახოცებზე, სიგარეტის კოლოფზე.
1921 წლის იანვარში ქართველ პოეტთა ერთმა ნაწილმა გალაკტიონს მეფის ტიტული მიანიჭა. თუმცა ტაბიძემ პოეზიის გვირგვინი სხვების დაუხმარებლად ჯერ კიდევ 1915 წელს თავად დაიდგა. ლექსში "მთაწმინდის მთვარე" იგი პირდაპირ აცხადებს რომ მეფეა:

რომ მეფე, ვარ და მგოსანი და სიმღერით
ვკვდები
რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი
ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე
ასე წყნარი

გალაკტიონის ჩრდილში ყოფნა ბევრი პოეტისთვის აუტანელი იყო. ამის გამო, ტაბიძის შემოქმედებას ზოგიერთი შურით უყურებდა. მას დასცინოდნენ და ხშირად ლანძღავდნენ კიდეც. "არტისტული ყვავილები" ლექსების უბრალო კრებულად, ხოლო "ლურჯა ცხენები" პროვინციულ საგიტარო რომანსებად მონათლეს. გენიის დასამცირებლად, მოშურნეებმა გალაკტიონს კუხარკების პოეტიც კი უწოდეს.
ლანძღვა და შეურაცხყოფა ტაბიძის დეპრესიულ ბუნებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. დაცინვისგან თავის დასაღწევად გალაკტიონმა სმა დაიწყო. დიდ ნადიმებზე იგი პრაქტიკულად არავის ახსოვს. ძირითადად უცნობებთან ქეიფობდა. ნარჩევ საზოგადოებას უბრალო ხალხი და მწირი სუფრა ერჩია. ყველაზე ხშირად კი, მარტო სვამდა. ასეთ მდგომარეობაში იგი გარე სამყაროს ეთიშებოდა და საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა. გავრცელებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, ტაბიძე სიმთვრალეში არც დღიურს წერდა და არც ლექსებს.
პოეტის სულიერი მდგომარეობა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, კიდევ უფრო დამძიმდა. მოშურნეების ლანძღვას და ბოღმას, სულ მალე პოლიტიკური პრობლემებიც დაემატა. მართალია, გალაკტიონი რომელიმე პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ პოლიტიკასთან საკმაოდ მჭიდრო შეხება ჰქონდა. 1920 წელს იგი სოციალ-დემოკრატების ბეჭდვითი ორგანოს "სახალხო გვარდიელის" რედაქტორი იყო. ორი წლით ადრე კი, ნოე ჟორდანიას კანცელარიაში მდივნად მუშაობდა.
კომუნისტებთან გალაკტიონს ნათესაური კავშირი ჰქონდა. მეუღლე - ოლღა ოკუჯავა ცნობილი ბოლშევიკის, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის მიხეილ ოკუჯავას და იყო. ისინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე შეუღლდნენ. სწორედ ოლღას მიუძღვნა პოეტმა თავისი ცნობილი ლექსი "მზეო თიბათვისა." ამ ლექსით 1917 წელს გალაკტიონმა ოლღა მოსკოვში გააცილა. პოეტი თიბათვის მზეს მეუღლის დაცვას სთხოვდა.

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს
შევედრები
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

საქართველოს ცეკას ხელმძღვანელის სიძეს, პირველ ხანებში არავინ აწუხებდა. თუმცა როდესაც გალაკტიონმა 1924 წლის აჯანყებას ანტირევოლუციური პოემა ("მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა") მიუძღვნა, იგი მაინც დააპატიმრეს. გალაკტიონთან ერთად დააპატიმრეს პოემაც, რომელიც ჟურნალ მნათობის მე-5 ნომერში იბეჭდებოდა. ჩეკამ დასაბეჭდად გამზადებული მთელი ნომერი ამოიღო.

ნაწყვეტი პოემიდან:
გამარჯვებულნი სასტიკი ხელით
აღრჩობენ ტყვეებს,
ჰკაფავენ, ხვრეტენ, ხალხის სახელით
უსპობენ დღეებს...
და მთელი კვირა სადგურის იქით
მატარებელი
იდგა, შიგ მკვდრები ეყარა რიგით
უფარებელი.

მეტეხის ციხეში პოეტი სამი დღე იმყოფებოდა. საპყრობილედან ტაბიძე შეცვლილი გამოვიდა. როგორც ტაბიძის თანამედროვეები ამბობენ, გალაკტიონს ციხის შემდეგ, საკუთარი, ნამდვილი ხმით აღარ ულაპარაკია. ამ გარდასახვასთან დაკავშირებით მწერალი რეზი თვარაძე იხსენებდა: "ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან სხვა ხმაზე დაიწყო საუბარი. იგი გაწვრილებულ, არაბუნებრივ ხმაზე საუბრობდა. თითქოს რაღაც როლს ასრულებდა. მე შემხვედრია ადამიანები, რომლებსაც მოუსმენიათ გალაკტიონის ნამდვილი ხმა, მაგრამ ასეთი ადამიანები ათასში ერთი თუ იყო. ძირითადად იგი ყველასთან არაბუნებრივ ხმაზე მეტყველებდა. ხმის გაწვრილება იმისთვის იყო გამიზნული, რომ მან რაღაც როლის თამაში დაიწყო, რომლის საშუალებითაც თავის ნამდვილ სახეს მალავდა."
ციხის შემდეგ პოეტი საკუთარი აზრების და შეხედულების აფიშირებას ერიდებოდა. ამ პერიოდში გალაკტიონი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ხშირად შიმშილობდა კიდეც. ლომბარდში ხვდებოდა ოქროს ბეჭდები, გალაკტიონის პირადი ნივთები. ჰონორარის იმედად მყოფი პოეტი ვალს რედაქციებში და გამომცემლობებში აგროვებდა. დავალიანებას, შემდეგ ლექსებით ფარავდა. სახლიდან იყიდებოდა ყველაფერი რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. ტაბიძის ოჯახში მეძველმანე ხშირი სტუმარი იყო:

ოლღა ოკუჯავას წერილიდან:
ქუჩიდან მეძველმანე მოვიყვანე. მივყიდე ბოთლები 14 მანეთად და 28 კაპიკად. 2 მანეთად კარტოფილი ვიყიდე, დანარჩენს როდესაც დავბრუნდები მაშინ მოგცემ.

ოლღა.
მშიერი და უსახსრო პოეტი დახმარებისთვის ხშირად მწერალთა კავშირსაც მიმართავდა. გალაკტიონს იმ დონეზე უჭირდა, რომ მას ტანსაცმელიც კი არ გააჩნდა და ამის გამო სახლიდან ვერ გადიოდა:

გალაკტიონის წერილი მწერალთა კავშირისადმი
პალტო არა მაქვს და სახლიდან ვერ გამოვდივარ. გამომიწერეთ პალტო როგორმე. პალტო არის ჩვენს დახურულ გამანაწილებელში, მაგრამ არ იძლევიან უნებართოდ. მე კი ასეთ მდგომარეობაში ვარ. ძალიან გთხოვთ.
მიწიერი გალაკტიონი უმწეო ადამიანი იყო. მას შეეძლო დაეწერა "მთაწმინდის ღამე", მაგრამ არ შეეძლო შეეცვალა უბრალო ნათურა. ერთხელ, ბინაში შუქი ჩაქრა. ნათურის გამოცვლის ნაცვლად, ამ თემას გალაკტიონმა რვა გვერდიანი ტრაქტატი მიუძღვნა. ფარდების ჩამოკიდებისთვისაც კი წინასწარ ემზადებოდა და გეგმას ადგენდა. მის დღიურში ფარდებთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერიც კი არსებობს: "გადადგმულია ნაბიჯი ფარდების ჩამოსაფარებლად".
ყოფითი საკითხების გადაჭრაში სრულიად უუნარო პოეტი დახმარებისთვის ხშირად მთავრობასაც მიმართავდა. მსგავსი მიმართვა გალაკტიონ ტაბიძემ საქართველოს ცაკის თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის სახელზეც დაწერა. გალაკტიონი, რომელიც მაშინ კრილოვის ათ ნომერში ცხოვრობდა, მეზობელს, ვინმე შონიას, საზიარო საპირფარეშოს გამო უჩიოდა. როგორც ჩანს სამეზობლო დავის დამოუკიდებლად გადაჭრა მის შესაძლებლობებს აშკარად აღემატებოდა.

გალაკტიონის წერილიდან:
"მაქვს ერთადერთი ოთახი სადაც მძინავს და ვმუშაობ კიდეც. სხვა დამატებითი ფართობი არ მომეპოვება. საპირფარეშო წარმოადგენს ოთახის ბუნებრივ გაგრძელებას და არქიტექტურულად შედის მის ფარგლებში. ეს გარემოება მეტ უფლებას საპირფარეშოზე მაძლევს მე. შონიამ იცის ეს, მაგრამ შეტევის ტაქტიკას ადგია, დავაშინებ და სრულიად ავუდგამ ფეხს საპირფარეშოდანო..."
გალაკტიონის მდგომარეობა 20-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო გაუარესდა. საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკური კადრების დევნა დაიწყო. ციხეში მოხვდა ოლღა ოკუჯავას ძმა მიხეილ ოკუჯავა. მასთან ერთად შინსახკომმა გალაკტიონის მეუღლეც დააპატიმრა. ოლღა ოკუჯავა 1929 წელს შუა აზიაში გადაასახლეს. პოეტმა ოლღა რკინიგზის სადგურიდან შუა აზიაში ლექსით გააცილა:

ცხოვრების ეტლის სადარდებელი
საცაა გავა მატარებელი,
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი

გალაკტიონი თბილისში მარტო დარჩა. გარე სამყაროსთან დისტანცირებას იგი კვლავ ალკოჰოლის საშუალებით ცდილობდა. როგორც წესი, სმის პერიოდი, პოეტის ცხოვრების რთულ ეტაპებს ემთხვეოდა. ოლღას დაპატიმრება, ძმის სიკვდილი, დაკითხვა ჩეკაში, ლიტერატურულ წრეებში არსებული შუღლი. მძიმე გარემო, რომლის გამოც გალაკტიონის მგრძნობიარე ფსიქიკა მუდმივ წნეხს განიცდიდა. წელიწადში რამდენჯერმე პოეტი გადაბმულად სვამდა. ამას იგი ავადმყოფობას ეძახდა. აფთიაქი კი ამ შემთხვევაში, სასადილო იყო. როდესაც ფული არ ჰქონდა, მაშინ არაყის სანაცვლოდ მებუფეტეს გირაოში გალაკტიონის ძვირფასი ნივთები რჩებოდა.
მთვრალი გალაკტიონი ზოგჯერ ღამეს ღია ცის ქვეშაც ათევდა. ერთხელ, ვერის დაღმართზე თუთის ხის ძირში დაიძინა, როდესაც გაიღვიძა, არც კოსტუმი ეცვა და არც ფეხსაცმელი. პოეტი საფხიზლეშიც გაუძარცვიათ. 1934 წლის ზამთარში გალაკტიონს სადარბაზოში დახვდნენ, სცემეს და პალტო და ფეხსაცმელი გახადეს. თბილი ტანსაცმლის გარეშე დარჩენილი პოეტი, ორი თვის განმავლობაში სახლში იჯდა.
1933 წელი გალაქტიონისთვის ბედნიერი აღმოჩნდა. რეპრესირებული ნათესავებისა და საეჭვო ლექსების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მას სახალხო პოეტის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსია დაუნიშნა. ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოპერის თეატრში გალაკტიონის საღამო ჩატარდა. იმავე წელს გადასახლებიდან ოლღა გაათავისუფლეს. ცოლ-ქმარმა ახალმოსახლეობა ერთად იზეიმა. სახალხო პოეტმა 1935 წელს მარჯანიშვილის ოთხ ნომერში, მეორე სართულზე, სამოთახიანი ბინა მიიღო. 1936 წელს იგი უკვე ლენინის ორდენოსანი ხდება. კომუნისტები გალაკტიონს ეფერებოდნენ. საქართველოში იგი ერთადერთი პოეტი იყო, რომელსაც გულზე ოქროს ლენინი უბრწყინავდა.
სახალხო პოეტის წოდება გალაკტიონს საკუთარი მრწამსის დათმობის ფასად დაუჯდა. სიმბოლიზმში ბრალდების საპასუხოდ, გალაკტიონი "ლურჯა ცხენებზე", "მთაწმინდის მთვარეზე" და სხვა შედევრებზე უარს ამბობს. პოეტი ამ ლექსებს მივიწყებულს და უარყოფილს უწოდებს. მგოსანს რეალური ბუნება მუდმივად დაფარული ჰქონდა. იგი კონფლიქტებს ერიდებოდა, ყველას ეთანხმებოდა და კამათს გაურბოდა.
გალაკტიონის კვლევის ცენტრის დირექტორი თემურ დოიაშვილი მიიჩნევს, რომ დროის შესაბამისად წერა, პოეტის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო ფიზიკური გადარჩენისთვის:
"გალაკტიონს სურდა ეს თუ არა, ფაქტიურად უარის თქმა მოუხდა თავის ძირითად პრინციპებზე. კერძოდ: უმაღლესი იდეალების ნაცვლად, ის იძულებული იყო სოციალიზმის იდეალები ექადაგა. თავისუფლების მაგივრად ეწერა ტირანის განმადიდებელი ლექსები, წმინდა პოეზიის საფუძვლების ნაცვლად სოც-რეალიზმის შესახებ ესაუბრა. რასაკვირველია, დიდწილად ეს იყო იძულებითი აქტი, მაგრამ ისეთი ფაქტიზი სულიერი წყობის ადამიანისთვის, როგორიც გალაკტიონი იყო ეს დიდ შინაგან კრიზისს ნიშნავდა და ეს კრიზისი დადასტურებული არის კიდეც მის ჩანაწერებში".
მოჩვენებითი კეთილდღეობა 1937 წელს დაირღვა. საბჭოთა კავშირში დაწყებულ ტოტალურ რეპრესიებს, ვერც ტაბიძის ოჯახი გადაურჩა. 1937 წლის იანვარში ოლღა ოკუჯავა დააპატიმრეს. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, გალაკტიონი საკუთარ ბინაში ვეღარ ჩერდებოდა. სამი კვირის განმავლობაში იგი ღამეს სახლში საერთოდ არ ათევდა. დიდი ხნის განმავლობაში გალაკტიონმა თავისი მეუღლის ბედის შესახებ არაფერი იცოდა. მისგან ბოლო წერილი პოეტმა 1941 წლის 30 აგვისტოს მიიღო. სახალხო პოეტის მეუღლე ხალხის მტრად გამოაცხადეს და ორიოლის ციხეში დახვრიტეს. 1937 წლის რეპრესიებზე გალაკტიონმა შემდეგი ლექსი დაწერა:

არვინ გაცმევს ჯვარზე, მხოლოდ იმის გამო,
რომ არ იცი მარქსი, რომ არ იცი კამო.
ვის არ უყვარს ღელე და ლაჟვარდის ღამე,
მხოლოდ სისულელე არ წამოგცდეს რამე.

1943 წელს გალაკტიონი კვლავ დაოჯახდა. მისი რჩეული ნინო კვირიკაძე იყო. მეორე მეუღლესთან პოეტს საერთო ბედი აკავშირებდა. 1937 წელს გალაკტიონმა ცოლი დაკარგა, კვირიკაძეს კი ქმარი დაუხვრიტეს. სიცოცხლის უკანასკნელი 17 წელი გალაკტიონმა სწორედ ნინოსთან გაატარა.
გალაკტიონმა საკუთარი გენიალობა კარგად იცოდა, მაგრამ სხვა პოეტებთან უპირატესობის დამტკიცებას მაინც ყოველდღე ცდილობდა. კითხვაზე, თუ ვინ იყო საქართველოში მეორე პოეტი, გალაკტიონმა უპასუხა - "ხომ არ აჯობებდა მეოთხით დაგვეწყო?"
ერთ-ერთი შედევრი ქებათა ქება ნიკორწმინდას, პოეტმა ტაძრის უნახავად დაწერა. 1947 წელს შოვში ყოფნისას, ნიკორწმინდელ დურგალს დაუახლოვდა, რომელმაც ეკლესია დეტალურად აღუწერა. გალაკტიონის გენიამ მონაყოლი ლექსად აქცია.

აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია სიზმრის გეგონება,
ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო სვეტი ნიკორწმინდა!

პოპულარობა მას ბავშვივით უხაროდა, თუმცა ამავე დროს, როდესაც ყურადღების ცენტრში ექცეოდა იბნეოდა, წითლდებოდა და აღელვებისგან წვერზე ხელს ისმევდა. თავისი სახელის უკვდავყოფას იგი სიცოცხლეშივე ცდილობდა. დაბადების 50 წლის იუბილეზე გალაკტიონმა მთავრობას 7 პუნქტიანი წერილი გაუგზავნა. სახალხო პოეტი ითხოვდა ქალაქ სამტრედიის საგალაკტიონოდ გადაკეთებას, სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმას, თბილისში ერთ-ერთი თვალსაჩინო ქუჩისთვის და მტკვრის მარცხენა სანაპიროსთვის გალაკტიონის სახელის მინიჭებას.



სიკვდილის ქრონოლოგია
სიცოცხლის ბოლო წლებში, გალაკტიონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დიპსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება - გალაკტიონის სამედიცინო გამოკვლევებში, ალკოჰოლთან დაკავშირებული ტერმინები ხშირად მეორდება. გალაკტიონი სამკურნალო კომბინატის მუდმივი პაციენტი იყო. თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ტაბიძე ვაკის კლინიკაში ოთხჯერ მოხვდა. 1959 წელიც საავადმყოფოს პალატით დაიწყო. სამკვირიანი კურსი 5 მარტს დასრულდა, თუმცა 12 დღის შემდეგ პოეტი კვლავ სამკურნალო კომბინატის ნერვულ განყოფილებაში აღმოჩნდა.
თვითმკვლელობის დღეს, 17 მარტს გალაკტიონი სამკურნალო დაწესებულებაში მისმა ძმისშვილმა ნოდარ ტაბიძემ დილის 10 საათზე მიიყვანა.
ნოდარ ტაბიძე: "ავადმყოფობისა და დეპრესიის გამო, გალაკტიონი ბოლო პერიოდში აგრესიას იჩენდა. მაგრამ 17 მარტის დილას მშვიდად იყო. თითქმის ყველაფერში მეთანხმებოდა. პალტოს ჩაცმისას ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელები. ასეთ დროს მისი საშველი ერთი ჭიქა არაყი იყო, მაგრამ იმ დღეს დალევა არ შეიძლებოდა, რადგან საავადმყოფოში უნდა დაწოლილიყო. გზაში უბრად მივდიოდით, სიტყვაც კი არ დასცდენია."
ტაბიძე სამკურნალო დაწესებულების ნერვულ განყოფილებაში მოათავსეს. სანამ პოეტს საწოლს გამოუყოფდნენ ორი საათი გავიდა. კომბინატში ყველა პალატა დაკავებული იყო. ყველაზე საუკეთესო - პალატა-ლუქსი თბილისის ცენტრალური უნივერმაღის დირექტორს ეკავა.
პირველ საათზე პოეტისთვის ორადგილიან პალატაში, დამატებით, მესამე საწოლი დადგეს. პალატაში მყოფმა ავადმყოფებმა შევიწროების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. გალაკტიონმა გამოიცვალა და საავადმყოფოს ხალათი მოირგო. მისი ტანსაცმელი სახლში ძმისშვილმა ნოდარ ტაბიძემ წაიღო. პოეტი სამკურნალო კომბინატის დერეფანში მარტო დარჩა.
ნოდარ ტაბიძე: "წასვლის წინ გალაკტიონი გადამეხვია და მაკოცა. უამრავი დავალება მომცა. ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მბეჭდავთა ბიურო იყო, მბეჭდავისთვის წიგნის ნაწილი უნდა გამომერთმია. შემდეგ გამომცემლობაში უნდა გამეგო როგორ მიდიოდა მისი წიგნის ბეჭვდის საქმე. ბოლოს მთხოვა, მეორე დღეს როცა მივიდოდი, მისთვის ვეფხვისტყაოსანი წამომეღო."
ორ საათზე გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის ოთახში პირველად შევიდა. პოეტის სახელზე სავალდებულო ანკეტა გაიხსნა. იგი ტახტზე დააწვინეს და გასინჯვის სტანდარტული პროცედურა ჩაუტარეს. პულსი 84, წნევა 180/80-ზე. ტაბიძეს ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
17 მარტს გალაკტიონი თავის პალატაში თითქმის არ შესულა. თვითმკვლელობამდე მთელი დრო მან დერეფანში გაატარა, სადაც საავადმყოფოს პერსონალს ესაუბრებოდა და სიგარეტს ეწეოდა. დაახლოებით 4 საათზე ნერვული განყოფილების გამგის ოთახში იგი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მორიგე ექიმმა სუსანა არაქელოვამ გასინჯა. 5 საათზე პოეტს თვითმკვლელობის პირველი ცდა ჰქონდა. მან სკამი აიღო და მეოთხე სართულის აივანზე გასვლა სცადა. გალაკტიონი საავადმყოფოს პერსონალმა შეაჩერა. აივანი წვიმისგან სველი იყო და სანიტარმა გარეთ გასვლა არ ურჩია. პაციენტი ტაბიძე მას უსიტყვოდ დაემორჩილა.
ექვსის ნახევარზე გალაკტიონს დერეფანში ნაცნობი მწერალი ვლადიმერ მაჭავარიანი შეხვდა, რომელიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. მაჭავარიანმა ლექსების წასაკითხად იგი მესამე სართულზე მიიწვია. პოეტს მიწვევაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, პროცედურები მოიმიზეზა და მოგვიანებით შეხვედრას დაპირდა. ეს გალაკტიონის უკანასკნელი სიტყვები იყო.
ექვს საათს ათი წუთი აკლდა, როცა გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის კაბინეტში მესამედ და უკანასკნელად შევიდა. საავადმყოფოს ხალათი საწოლზე დააგდო, სკამი ფანჯარასთან მიიტანა, სკამზე შედგა და ფანჯარა გამოაღო...
როდესაც გალაკტიონი ფანჯრიდან გადავარდა პირველი ვინც მასთან აღმოჩნდა ექთანი მედეა ჩახუნაშვილი იყო. ექთანს საავადმყოფოში ცვლა დასრულებული ჰქონდა და უკვე სახლში იმყოფებოდა. მედეას სახლი საავადმყოფოს ეზოს სიახლოვეს იმყოფებოდა, ამიტომ საავადმყოფოს ეზოში ატეხილი ყვირილი კარგად გაიგონა.
მედეა ჩახუნაშვილი: "ყვირილის ხმა გავიგონე და ამ ხმაურზე გამოვიქეცი. როდესაც იქ მივედი პირქვე დამხობილი ადამიანი დავინახე. გადმოვაბრუნე და დავინახე ბატონი გალაკტიონი. იმწუთში მოცვივდა ხალხი. გავუსინჯე მაჯა, არტერია, მაგრამ პულსი აღარ ჰქონდა. მე რომ მივედი იგი უკვე მკვდარი იყო."

დადებული სურათი
გალაქტიონ ტაბიძის საფლავი მთაწმინდაზე

უკანასკნელ გზაზე გალაკტიონი მთელმა საქართველომ გააცილა. მთაწმინდის პანთეონისკენ მიმავალი ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. მთაწმინდაზე ტაბიძე ბარათაშვილის სიახლოვეს დაკრძალეს. იმ პოეტის ახლოს რომელსაც იგი სიცოცხლეში აღმერთებდა.
2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. მისი საფლავი თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

წყარო: მიხეილ ბასილაძე. 24saati.ge


დადებული სურათი
მერი შერვაშიძე "მერი"

ალბათ ყველამ იცით გალაკტიონ ტაბიძის შესანიშნავი ლექსი “მერი”. დღესაც ბევრს აინტერესებს ამ ლექსის ისტორია, ბევრი მერის გალაკტიონის სატრფოდ მიიჩნევს, ბევრი მასში ქალის იდეალს ხედავს, ბევრი კი უბრალოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს.
დღესდღეობით ითვლება, რომ მერის პროტოტიპი არის ვინმე მერი შერვაშიძე.
სანამ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II საქართველოში ჩამოვიდოდა, ის იქამდეც იცნობდა რამდენიმე ქარველ ქალბატონს. როდესაც მან ნახა ქართველი ქალები ამოიძახა: “რა მშვენიერებაა” და დაამატა: “ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია!”, ეს ბოლო სიტყვები კი მერი შერვაშიძის მისამართით იყო გამოთქმული, რომელიც მალე იმპერატორის დედის საპატიო ფრეილინა გახდა. მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო აფხაზეთის მთავარი და აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ამიტომაც ისინი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდნენ.
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისში. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის მარჯვენა ხელი იყო, დაბრუნდა საქართველოში რატა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობამდე დრეებიღა რჩებოდა, მერი სრულიად ლეგალურად ბათუმიდაც გემით გაემგზავრა საფრანეთს. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.
მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. ამბობენ რომ არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.
პარიზში მერი შერვაშიძე დასახლდა პრესტიჟულ მე-16 უბან Rue de La Tour-ში, ბულონის (Boulogne) ტყესთან ახლოს. თავდაპირველად მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის (Coco Chanel) მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. ცნობილი მხატვრის საველი სორინის (Saveli Sorin) მიერ დახატული მერის პორტრეტი ამთამად მონაკოს პრინცის სასახლეში ჰკიდია, მიუხედავა იმისა რომ მხატვრამა პორტრეტი საქართველოს უსახსოვრა.
1935 წელს წელს გალაკტიონ ტაბიძემ სრულიად შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და თავის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდა (არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამის შემდეგ მიუძღვნა გალაკტიონმა მას ლექსები).
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. მერიმ თავისი დის შვილები კონსტანტინე და ნინო აღზარდა.
მერი გარდაიცვალა მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში. სიცოცხლის უკანასკნელ დრემდე ინარჩუნებდა სილამაზეს, მშვენიერებასა და უბრალოებას.

წყარო: forum.rustavi2.com


0

#2 მარიამი_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 16 February 2011 - 12:46 PM Share

მაგარია


0

#3 მართა_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 08 September 2011 - 09:24 PM Share

შემთხვევით ხომ არ იცით ვინ არის გალაკტიონის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ჭყვიშში?


0

#4 მომხმარებელი გასულია   ზურაბ ხაჩიძე ხატულა

  • ადმინისტრატორი
  • ხატულა
  • View blog
  • გალერეის ნახვა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 64
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 09 September 2011 - 06:25 AM Share

მუზეუმის მისამართი: ვანი, სოფ. ჭყვიში
ტელეფონი: (+995 93) 56 05 06


0

#5 მომხმარებელი გასულია   nanuka ხატულა

  • ახალბედა
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 15-February 14

დაწერილია 15 February 2014 - 03:47 PM Share

მაინტერესებს სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელს როგორ დავუკავშირდე... გთხოვთ მითხარით ნომერი :)

ფოსტის ნახვაზურაბ ხაჩიძე, on 09 September 2011 - 10:25 AM, said:

მუზეუმის მისამართი: ვანი, სოფ. ჭყვიში
ტელეფონი: (+995 93) 56 05 06

ახლაც ამ ნომრით დაკავშირება შესაძლებელია? ძალიან მჭირდება მათი ნომერიი


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი