ჩვენი ფორუმი: მამაკაცის სახელების განმარტება 1 - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

მამაკაცის სახელების განმარტება 1

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3131
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 11 February 2011 - 04:21 PM Share

მამაკაცის სახელების განმარტება




აბა (სემიტური) " მამა", " სულიერი მოძღვარი ", " ხალხის მამამთავარი "; მოგვიანებით პატივისცემის გამომხატველ ეპითეტად იქცა. ქართულში შემოსულია ბერძნული გზით (აბბა – ამბა – ანბა||აბა), წმინდა მამის, მონასტრის წინამძღვრის მნიშვნელობით. დასტურდება უკვე VI ს-ში პალესტინის წარწერაში: " შეიწყალენ ანტონი აბაი და იოსია მომსხმელი ამის საფისაი ". აბა(||აბაი)–საგან ნაწარმოებია გვარები: აბაძე, აბაშვილი, აბაიაძე, აბაიძე, აბაიშვილი.

აბდია (ძველი ებრაული) " მსახური უფლისა (იესოსი) ".

აბელ (ძველი ებრაული) " მსუბუქი ქროლა ", " ნიავი ". ეს სეხელი ერქვა ბიბლიური ადამის ვაჟს. გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " სისხლითგან აბელისით " (ლუკა 11, 51). მისგან არის მიღებული ქართული გვარები: აბელაშვილი, აბელიშვილი, აბელაძე.

აბესალომ (ძველი ებრაული) " მამა მშვიდობისა ", " მამა ქვეყნისა "; ან: (სპარსული) " ყვავილნარი ", " ვენახი ". ქართულ ფოლკლორში ეს სახელი ჰქონია უფლისწულს, რომელსაც შეუყვარდა მწყემსი ქალი ეთერი. ეს ლეგენდა საფუძვლად უძევს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას " აბესალომ და ეთერს ". ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აბესალაშვილი და აბესლამიძე.

აბიბო (არაბული) " საყვარელი "; ან (ძველი ებრაული) " თავთავი " (უფრო ზუსტად: " თავთავის სიმწიფის ჟამი ", " პურის შემოსავლის დრო ").

აბიო – ეს სახელი ჰქვია მეფეს, აბესალომის მამას, ოპერა "აბესალომ და ეთერში ".

აბო _ გაქრისტიანებული არაბის _ აბო თბილელის სახელია. ქრისტიანობისათვის წამებული აბო ქართულმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა და შეიტანა კალენდარულ სახელებში, მაგრამ დაუკავშირა იგი სულ სხვა წარმოშობის სახელს _ გაბოს (გაბრიელს). სინამდვილეში აბო, იგივე ჰაბო, მიღებული ჩანს არაბული სახელისაგან ჰაბიბ ( " საყვარელი ") ან აბუ ( " მამა ").

აბრამ _ ძველი ებრაული სახელია, ნიშნავს: " ამაღლებული, აღზევებული მამა ". ძველი ფორმაა აბრაჰამ, რომელსაც ზოგი სხვაგვარად განმარტავს: " მამა მრავალთა, მამა მაღალი " (საბა). გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " ესე ასული აბრაჰამისი ხიყო " (ლუკა 13, 16). აბრამ საფუძვლად უძევს გვარებს: აბრამია, აბრამიშვილი, აბრამიძე.

აბულა _ ძველ ქართულში ცნობილი შემოკლებული ფორმაა აღმოსავლური სახელებისა: აბულალი, აბულასან, აბულვარდი... აბულ არაბულად ნიშნავს " მამას ", მაგრამ სხვადასხვა სახელების წინ დასმისას იხმარება როგორც საპატიო ტიტული. აბულა–საგან წარმოქმნილი გვარებია აბულაძე და აბულაშვილი.

აგაბო (ბერძნული) " საყვარელი ". სამოცდაათთაგან ერთერთი მოციქულის სახელია.

აგული (ქართული) იხ. ავაგ.

აგუნა _ მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება, რომლის პატივსაცემი რიტუალი საშემოდგომო და საგაზაფხულო დღესასწაულებზე სრულდებოდა.

ადამ (ძველი ებრაული) " თიხა (წითელი მიწა) ", " ადამიანი ". ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა პირველი კაცი შექმნა თიხისაგან და სწორედ ამიტომ ეწოდა მას ადამი. სახარების უძველეს ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: " რომელ საგონებელ ხიყო ძედ... ადამისა " (ლუკა 3, 38). ადამ-ისაგან ნაწარმოებია სიტყვა ადამ-იან-ი, გვარები: ადამაშვილი, ადამაძე, ადამიძე, ადამია.

ადილა, ადილარ _ ვაჟის სახელად გვხვდება სამეგრელოსა და სვანეთში. შესაძლოა მოდიოდეს არაბული ვაჟის სახელისაგან ადილ ( " სამართლიანი " ).

ადოლა _ ადილა-ს ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს. გვხვდება ძველ ქართულში, მეგრულში, კახურ და ლეჩხუმურ დიალექტებში.

ადრიანე (ლათინური) " ადრიელი " (ქალაქ ადრიის მცხოვრები ან ადრიიდან მოსული). აქედანაა მიღებული ანდრიანე, ანდრიან, მასვე უკავშირდება გეოგრაფიული სახელწოდება ადრიატიკის ზღვა.

ავაგ _ გაურკვეველი წარმომავლობის სახელია. მისი ვარიანტული ფორმებია: ავაგო, ავგია, აგია; შესაძლოა მასვე უკავშირდებოდეს აგული. ავაგი ერქვა რამდენიმე ცნობილ ისტორიულ პიროვნებას. მათ შორის პირველია ივანე ათაბაგის ძე ავაგი, რომელიც 1227 წ. ათაბაგ-ამირსპასალარი გახდა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: " შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა " ( " ქართლის ცხოვრება ", II, 171). მის შემდეგ (1250 წ.) ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა მეორე დიდებულთაგანი – ავაგ-სარგის მხარგრძელი (გარდ. 1265 წ.). XVII ს. შუა ხანებში იმერთა მეფის ციხისთავი იყო ავაგ ომათმათიძე, რომლის სახელისაგან შემდგომში წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ავაგაშვილი (XVI ს. პალ, I, 73).

ავალო - სახელის წარმომავლობა და პირველადი მნიშვნელობა უცნობია; ქართულ წყაროებში გვხვდება XVI ს-დან (საქ. სიძვ., III, 541). მისგან წარმოქმნილი გვარებია ავალიანი და ავალიშვილი.

ავთანდილ - მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს " სამშობლოს გულს ", " სამშობლოს რწმენას " ან " სარწმუნოების კერას ". საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო. არის გვარი ავთანდილაშვილი.

ავქსენტი (ბერძნული) " ზრდადი ". მოწამის სახელია.

აზარია (ძველი ებრაული) " იაჰვე (ღმერთი) შეეწია ". წინასწარმეტყველისა და მოწამის სახელია. აქედანაა გვარები: აზარიაშვილი, აზარაშვილი, აზარიძე.

ათანასე (ბერძნული) " უკვდავი ". პარარელური ფორმაა ათანასი. იშვიათად გვხვდება ქალის სახელიც – ათანასია. ამ სახელით ცნობილია როგორც კაცი, ისე ქალი წმინდა მოწამენი.

აკაკი (ბერძნული) " არ-ავი ", ე. ი. " უბოროტო ", " უზაკველი ", " კეთილი ". ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ. მისი შემოკლებული, საალერსო ფორმებია: აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა. აკაკი (აკაკის ხე) მცენარესაც ჰქვია. იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი –აკაცია.

ალალე (ქართული) " ალალი ", " მართალი ", " უზაკველი ".

ალეკო (ბერძნული) " მცველი ".

ალექსანდრე (ბერძნული) " მცველი ვაჟკაცი ", " მამაცი მცველი " (კომპოზიტია, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად: ალეკო - " მცველი ", ანდრე - " მამაცი ". გვხვდება ქალის სახელიც – ალექსანდრა). ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე – ქალიც და კაციც. აქედანაა გვარი ალექსანდრია. საალერსო ფორმებია: ალე, ალიკო, ალიოშა, სანდრო, საშა.

ალექსი (ბერძნული) " მცველი ". აქედანაა გვარები: ალექსიშვილი, ალექსაშვილი, ალექსიძე. საალერსო ფორმებია: ალე, ლექსო.

ალი (არაბული) " მაღალი ", " კეთილშობილი ". აქედანვეა სახელები: ალია, ალიბეგ(ა), ალიხან(ა). მათგან მოდის გვარები: ალიაშვილი, ალიბეგაშვილი, ალიხანაშვილი.

ალიო – ალის, ალექსის ან ალექსანდრეს საალერსო ფორმაა, ქართულში ქცეული დამოუკიდებელ სახელად (გავიხსენოთ მწერლები: ალიო ადამია, ალიო მირცხულავა).

ალმასგირ (თურქული) კომპოზიტია, რომლის პირველ ნაწილსაც წარმოადგენს ძვირფასი ქვის სახელწოდება – ალმასი, ქცეული საკუთარ სახელად, მეორე კი (გირეი_გირ) საპატიო ტიტულია, რომელსაც ყირიმელი ხანები ურთავდნენ თავიანთ სახელებს, დაწყებული ყირიმის დამოუკიდებელი სახანოს დამფუძნებელ ჰაჯიგირეისაგან (XVIს.).

ალმასხან (თურქული) კომპოზიტი სახელია, სადაც იმავე ალმას საკუთარ სახელს დართული აქვს თურქული ენის დამახასიათებელი სუფიქსი (წარმოშობით – საპატიო ტიტული) ხან. ანალოგიურად ნაწარმოები სახელებია: დურმიშხან, მირზაყან||მურზაყან, არზაყან და სხვ.

ალუდა – გვხვდება მთის კილოებში. ამ სახელს ატარებდა ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის გმირი – ალუდა ქეთელაური. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი ეტიმოლოგიურად ლუდს უკავშირდება და ჩვენში შემოსულია ოსურიდან ან სკვითურიდან (ვ. აბაევი, მ. ანდრონიკაშვილი), მაგრამ ეს მოსაზრება საეჭვო ჩანს. ალუდა დაკავშირებული უნდა იყოს ცნობილ აღმოსავლურ სახელთან ალადინ-თან, რომლის ამოსავალი ფორმაა ალაუდინ და არაბულად ნიშნავს " რწმენის სიმაღლეს ". თავდაპირველად ეს იყო მუსულმანური ქვეყნების მმართველთა ტიტული, რომელიც XIV-XV საუკუნეებიდან შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა და ვაჭრებმა დაისაკუთრეს. ბოლოს იგი საკუთარ სახელად იქცა და ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით შუა აზიისა და ვოლგისპირეთის თურქულენოვან ხალხებში, რომელთა ენების ფონეტიკურ კანონზომიერებათა მიხედვით გაჩნდა ნაირფერი ვარიანტები: ალოუდინ, ალოვუტდინ, ალოვადინ, ალოვიდინ... ამ ფორმათა შეკვეცისა და გაქართულების შედეგია ალუდა, ალადა, ალადო, რომლებიც საფუძვლად უძევს ქართულ გვარებს: ალუდაური, ალადაშვილი, ალადოშვილი.

ალფეზ (ბერძნული) " ცვლილება ". პარალელური ფორმაა ალფეს. ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მოციქულს.

ამბაკო (ძველ ებრაული) ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია; ნიშნავს " მოხვევნას ", ჩახუტებას ", აქედან კი ეძლევა გადატანითი მნიშვნელობა: " ღვთისმოყვარე " ან " სიყვარული ღვთისა ".

ამბერკი (ბერძნული) " დამყენებელი ".

ამბროსი (ბერძნული) " უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი ", " ღვთაებრივი ", " საღვთო ".

ამირან – ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია, რომელსაც ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება. შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან, სადაც ამირ ( " წინამძღვარი ") და ალი ( " მაღალი ") ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად. ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება, მაგრამ დაცულია გვარებში: ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი, ამირგულაშვილი, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი. ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე. ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის " ამირანდარეჯანიანის " მთავარი გმირია.

ამირინდო (სპარსული) " ინდოეთის ამირი ".

ანანია (ბერძნული) " მადლი უფლისა ", " შემწეობა უფლისა ". ქართულში საკუთარ სახელად გვხვდება XV ს-დან. აქედანაა გვარები: ანანიაშვილი, ანანიძე.

ანდრი, ანდრია, ანდრო (ბერძნული) " მამაცი ", " ვაჟკაცი ", " მხნე " (იხ. აგრეთვე ალექსანდრე, ანდრონიკე). ანდრე (ანდრეა, ანდრია) ერქვა რამდენიმე მოწამეს. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარები: ანდრიაძე, ანდრიაშვილი. ანდრია ქართულში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან. ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანდრო.

ანდრონიკე (ბერძნული) შედგება ორი ნაწილისაგან: ანდრო - " მამაცი " და ნიკე - " გამარჯვება ". ამრიგად, ერთად ნიშნავს " მამაცის გამარჯვებას " ან " მამაცზე გამარჯვებულს ", " ვაჟკაცთა მძლეველს ". ეს სახელი საქართველოში დღეს იშვიათია, მაგრამ ძველად მის გავრცელებას მოწმობს ცნობილი გვარი ანდრონიკაშვილი.

ანდუყაფარ (სპარსული) " შემწყნარებლის (ე.ი. უფლის) მონა ".

ანზორ (ქართული) " აზნაური ", " თავისუფალი ". ქართული სიტყვა პირველად საკუთარ სახელად უქცევიათ და თავისებურად გადაუკეთებიათ ჩრდილო კავკასიის ხალხებს. მთიელ პერსონაჟთა სახელად ის გამოიყენა ჯერ ალექსანდრე ყაზბეგმა (მოთხრობა " ელისო "), შემდეგ – სანდრო შანშიაშვილმა (პიესა " ანზორ "). ამ ნაწარმოებთა მეშვეობით ეს სახელი საქართველოშიც პოპულარული გახდა.

ანთიმოზ (ბერძნული) " ყვავილოვანი ", " აყვავებული ". ცნობილია რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, განმანათლებელი, მწერალი და მხატვარი ანთიმოზ ივერიელი (დაახლ. 1650-1716).

ანტონ (ბერძნული) ზუსტად არ ითარგმნება, თარგმნიან როგორც " მეომარს ", " ომში ჩაბმულს ", წინამძღოლს ", მეთაურს ". ეს სახელი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე ხანებიდან გახდა პოპულარული, რაც დაკავშირებულია ეგვიპტელი ქრისტიანი ბერის, " მონაზვნობის მამად " წოდებული ანტონ დიდის სახელთან (III-IV სს.). მისი " სწავლანი " და ეპისტოლენი ადრევე უთარგმნიათ ქართულად და რამდენიმე რედაქციით არის დაცული ძველ ხელნაწერში. ქართველ საეკლესიო და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ამ სახელით ცნობილია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე (XII-XIII სს.) გელათის მთავარეპისკოპოსი ანტონ გელათელი (XVI ს. II ნახ.), მწერალი და მეცნიერი, პირველი ქართული მეცნიერული გრამატიკის ავტორი, კათალიკოსი ანტონ I (1720-1788 წწ.), კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (1764-1827 წწ.) და სხვ. ამ სახელიდან წარმოდგება ქართული გვარები: ანტონაშვილი, ანტონიშვილი ანტონიძე; რუსული - ანტონოვი.

აპოლონ (ბერძნული) ბერძნულ მითოლოგიაში მზის (აგრეთვე სიბრძნის და ხელოვნების) ღმერთის სახელია. წარმომავლობა უცნობია.

არდაშელ (ირანული) ძველი ფორმაა არდაშირ, რომელიც ნიშნავდა " სამართლიანად მმართველს, მეფეს " და სპარსეთის მეფეთა ზედწოდებას წარმოადგენდა. ამ მნიშვნელობით გვხვდება ძველ ქართულში: " აწ ვახსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი სასანიანისა " (ლეონტი მროველი). მოგვიანებით არდაშირ საკუთარ სახელად იქცა და ფორმაც შეეცვალა (არდაშელ). ამ სახელისაგან წარმოიქმნა გვარები: არდაშერაშვილი - არდაშელაშვილი, არდაშლიშვილი, არდაშელია.

არეთა (ბერძნული) " ორბი ", " არწივი ". დიდმოწამის სახელია.

არველოდი (ქართული) შდრ. ველოდი.

არზაყან (თურქული) " ბედნიერი მმართველი ".

არისტო (ბერძნული) " ყველაზე უკეთესი ".

არკადი (ბერძნული) " არკადიელი ". არკადია ერქვა ძველი საბერძნეთის ცენტრალურ ოლქს, რომელიც განთქმული იყო მეცხოველეობით. ამის გამო არკადი ზოგჯერ თარგმნილია როგორც " მწყემსი ".

არმაზ - სახელია ძველი ქართული ღვთაებისა, რომლის კერპი, აღმართული ქართველი მეფის მიერ, იდგა მცხეთის ახლოს. წარმოშობით ზოგი მას უკავშირებს ხეთური მთვარის ღვთაების სახელს _ არმას, ზოგი ძველი ირანული უზენაესი ღვთაების სახელს _ აჰურა-მაზდას.

არსენ (ბერძნული) " მამაცი ", " ვაჟკაცი ". ამ სახელით ძველთაგანვე ცნობილია არაერთი ქართველი მოღვაწე, განსაკთრებით _ სასულიერო პირთა შორის: კათალიკოსი არსენ I დიდი, საფარელი (დაახლოებით 820/830-877/887 წწ.), არსენ II, ქართლის კათალიკოსი (დაახლ. 955-980 წწ.), არსენ ბერი _ დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი (XI-XII სს.), არსენ იყალთოელი _ ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი (XI-XII სს.), არსენ ბულმაისიმისძე _ მწერალი, საქართველოს კათალიკოსი (XIII ს. I ნახ.) და სხვ. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარები: არსენიშვილი, არსენიძე, არსენაშვილი, არსენაძე.

არტემ (ბერძნული) " ჯანმრთელი ", " უვნებელი ", " ქორფა " (ეტიმოლოგია საეჭვოა). აქედანაა გვარები: არტემიძე, არტემაშვილი.

არქიპო, არქიფო (ბერძნული) " უფროსი მხედარი ".

არჩილ (ირანული) " სწორი ", " წრფელი ", " მართალი ", " ნათელი ", " მადლმოსილი ". ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება. ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.), რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).

არჯევან (ზენდური) " ღირსი ", " ღირსეული ". საქართველოში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან, XVI ს-დან კი გვხვდება აქედან ნაწარმოები გვარიც _ არჯევანიძე.

ასათ (არაბული) " ლომი ". აქედანაა გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.

ასალო - შესაძლოა ქართული საალერსო ფორმა იყოს ბერძნული სახელისა ასკალონ (იხ.).

ასან (არაბული) ჰასან _ " კარგი ", " მშვენიერი ", " სასიამოვნო ", " საყვარელი ". აქედანაა გვარები: ასანაშვილი, ასანიშვილი, ასანიძე.

ასკალო, ასკალონ (ბერძნული) " დაუმუშავებელი ", " გაუფხვიერებელი ".

ასლამაზ (ქართული) XVI-XVII სს-ებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი იშვიათად ხმარებული სახელია. აქედანაა გვარები: ასლამაზაშვილი, ასლამაზიშვილი, ასლამაზოვი.

ასლან (თურქული) " ლომი " ; მოგვიანებით შეიძინა " გმირის ", " გოლიათის ", " დიდის " მნიშვნელობა. ამოსავალი ფორმაა არსლან, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ " ტბეთის სულთა მატიანეში " : " სულისა ბალასძისა არსლანისსა შეუნდვენ ღმერთმან " (XII-XIII სს.). გამარტივებული ფორმა ასლან დასტურდება XVI ს-დან. მისგან ნაწარმოები გვარებია: ასლანიშვილი, ასლანიკაშვილი, ასლანიძე.

ასტიონ (ბერძნული) " ქალაქელი ".

აფრასიონ (სპარსული) " მრისხანე ". აქედანაა გვარი აფრასიძე.

აფშინა – არაბულ-ირანულ სამყაროში გავრცელებული წოდებაა, ნიშნავს " ოჯახის უფროსს ", " სახლის პატრონს ", " მმართველს ". ქართულში შემოსულია ოსურიდან, გავრცელებულია ძირითადად მთის კილოებში. ცნობილია განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას პოემიდან ("გოგოთურ და აფშინა "). არის მცირერიცხოვანი გვარი აფშინაშვილი, რომელთა წარმომადგენლებს გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ეს გვარი წარმოიშვა ძველ დროს ხოშარაულების ოჯახში. კერძოდ, ფშავში ხოშარაულმა თავის ერთ-ერთ ვაჟს სახელად დაარქვა აფშინა, საიდანაც მოგვიანებით ამ სახელის ფუძეზე მოხდა გვარი აფშინაშვილის წარმოშობა. ამრიგად, ამ გადმოცემის თანახმად გვარი აფშინაშვილის წარმოშობა არ უნდა დაუკავშირდეს არაბულ-ირანულ წოდება აფშინას და იგი წარმოადგენს ჭეშმარიტ ქართულ გვარს.




ბაადურ (თურქული) " გმირი ", " გოლიათი ", " მამაცი ". წარმოშობით მონღოლური სიტყვაა. მისგან ნაწარმოები ვაჟის სახელის თურქული ფორმაა ბაჰადურ, რომელსაც ქართულში მოუცია ერთი მხრივ ბაადურ (აქედან _ გვარი ბადურაშვილი), მეორე მხრივ კი _ ბაღათურ (აქედან _ გვარი ბაღათურია). პირველი ფორმისაგან ჩანს მიღებული აგრეთვე სახელი ბათური (აქედან გვარი _ ბათურია). მეორისაგან _ ბაღათერა (აქედან გვარი _ ბაღათრიშვილი). ამავე სიტყვისაგან მომდინარეობს ოსური ბაყათარ, რუსული богатырь.


ბააკა – შესაძლოა მიღებული იყოს არაბული ბაკასაგან, რაც " მუდმივს ", " მყარს " ნიშნავს და არაბულში ცნობილია პიროვნულ სახელად. ქართულში სახელი ბააკა გვხვდება XVIII საუკუნიდან (ისტ. დოკ. I, 75). მისგან წარმოქმნილი გვარებია ბააკაშვილი და ბაკაშვილი.

ბაბა - სპარსული სიტყვაა, " მამას " ნიშნავს. ამ ზოგადი მნიშვნელობით შემოსულია ქართულ კილოებშიც: აჭარულში, იმერულში, გურულში, ასევე – მეგრულ-ლაზურში და სვანურში. აღმოსავლურ ენებში საკუთარ სახელად გვხვდება მეტწილად კომპოზიტებში: ბაბაჯან, ბაბახან, ბაბაკიში. ქართულში საკუთარ სახელად წარმოგვიდგება სუფთა ფუძეც და სუფიქსებიანიც (ბაბა, ბაბი, ბაბო, ბაბანა, ბაბონა, ბაბლო, ბაბუკი, ბაბუკა, ბაბულა...); ის მონაწილეობს კომპოზიტებშიც (ბაბადი " დიდი მამა ", " აპაპა ", ბაბადიში " დიდი მამისა ", " პაპისა ", ბაბაკოჩი " მამა-კაცი "). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმათაგან ზოგი საზიაროა სულ სხვა წარმოშობის სახელთან (იხ. ბაბილა).

ბაბილა (სირიული) " აჯანყებული ". შეტანილია საეკლესიო კალენდარში როგორც სახელი რამდენიმე მღვდელმოწამისა. პარალელურად გვხვდება ბაბილო. ამათგან ნაწარმოები გვარებია: ბაბილაშვილი, ბაბილოძე, ბაბილუა, ბაბლუანი.

ბაბურა (ქართული).

ბაგრატ - ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია. ეს სახელი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისმთავარს, მოყოლებული ბაგრატ I კურაპალატიდან, რომელიც იყო გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე, ტაო-კლარჯეთის მთავარი (826-876 წწ.). გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ დიდი (X ს. 60-იანი წლების დასაწყისი – 1014 წ.), რომელმაც სათავე დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას. აქედან მოდის გვარი ბაგრატიონი. ბაგრატი სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო. წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ. სპარსულს: ბაგადატა - " ღვთის ბოძებული ", " ღვთის წყალობა " (ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში, მაგალითად: ბერძნული თეოდორე, დოროთე, სლავური ბოგდან, თურქული ალაჰვერდი, სომხური ასტვაწატურ, ქართული წყალობა). არსებობს ბაგრატის სხვაგვარი განმარტებაც: " ღვთის შექმნილი ", " ღვთის მიერ დაცული ".

ბადრი (არაბული) " სავსე მთვარე " ; გადატანით - " სრულქმნილი ". ეს სახელი ჰქვია ზღაპრული ამირანის ძმობილს. მისგანაა მიღებული გვარები: ბადრიძე, ბადრიშვილი, ბადრიაშვილი.

ბათუ - წარმომავლობა დაუდგენელია. შესაძლოა უკავშირდებოდეს სპარსულ ბათურ-ს ან მონღოლურ ბათო-ს; ზოგის აზრით ურარტული სახელია, ზოგი კი ებრაული ბართლომე-ს შემოკლებულ ფორმად მიიჩნევს. ამ სახელით ცნობილია მოწამე ხუცესი, რომლის ხსენების დღეა 26 მარტი.

ბათურ ნახეთ ზემოთ ბაადურის განმარტება.

ბაკურ (ირანული) " ღვთის შვილი ", " ძე ღმრთისა ". ეს სახელი ქართულში გავრცელებულია უძველესი ხანიდან, გვხვდება ჯერ კიდევ პალესტინის ქართულ წარწერებში (V ს. 30-40-იანი წლები): " და ძუძეეულნი მათნი ბაკურ და გრი-ორმიზდ და ნაშობნი მათნი, ქრისტე... შეიწყალენ. ამენ ". აქ ნახსენებია პეტრე იბერის პაპა (დედის მამა) – ბაკურ დიდი, მეფე ქართლისა. ბაკური ერქვა საქართველოს რამდენიმე სხვა მეფესა და დიდებულსაც II-VIII საუკუნეებში. წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისგან ნაწარმოები პიროვნული სახელი ბაკურიანი (მაგ., ერთი ბაკურიანი, ბალდადისძე, ქართლის ერისთავი იყო VII-VIII სს-ში). ბაკურისაგან ნაწარმოებია სახელი ჯამბაკურ, გვარები: ბაკურაძე, ბაკურიძე, ბაკურია, გეოგრაფიული სახელები: ბაკურიანი, ბაკურციხე, ბაკურხევი და სხვ.

ბარათა (არაბული) " ახალმთვარიანობა " ; გადატანით: " სიწმინდე " ; ან: (სპარსული) " ნახატი ". არაბულად ბარა-ს უწოდებდნენ ახალმთვარობის პერიოდს (მთვარის თვის დამდეგს), როცა მთვარე ჯერ არ ჩანს. ეს დრო მიჩნეული იყო სასიამოვნო ამბის მომასწავებლად და მაშინ დაბადებული ბავშვიც ბედნიერი მომავლის მქონედ მიაჩნდათ. ამიტომ არქმევდნენ ამ დროის აღმნიშვნელ სახელებს: ბარათ, ბარათბეკ, ბარათალი (ვაჟებს), ბარათხანუმ, ბარათგულ, ბარათმო (ქალებს). ამათგან ქართულში შემოსულია მხოლოდ ერთი – ბარათა, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: ბარათაშვილი, ბარათელია, ბარათელი. შესაძლოა აქედანვე მომდინარეობდეს ბართაიას და ბართიას გვარებიც.

ბარამ - მიღებულია მრავალსაფეხურიანი გარდაქმნის გზით ავესტური ვერეთრაგნა-საგან. ეს არის სახელი გამარჯვების ღვთაებისა, რომელმაც დაამარცხა ბოროტი დემონი ვერეთრა. ვერეთრა-გნა ნიშნავს " ვერეთრას გამგდებს ". მასთან ეტიმოლოგიურ კავშირშია სახელები: ვარამ, გვარამ და გურამ; გვარები: ბარამიძე, ბარამია, გვარამაძე, გვარამია, გურამიშვილი.

ბართლომე (ძველი ებრაული) " თოლომეს შვილი ", ან " მოხნული მიწის შვილი " (თოლომე სახელია, მნიშვნელობით უდრის " ხნულს ", " კვალს "). მის შემოკლებულ ფორმად ითვლება ბათუ, თუმცა იგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელია.

ბარძიმ (ირანული) " მაღალი ". აქედანაა გვარები ბარძიმაშვილი, ბარძიმიშვილი, ბარძიმაძე.

ბასილ (ბერძნული) " მეფური ", " სამეფო ". ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმა ამ სახელისა არის ვასილ. ბ და ვ ბგერები თვით ბერძნულშიც მონაცვლეობდა. ზოგმა ენამ ( მათ შორის ქართულმა) ისესხა უფრო ადრინდელი ფორმა, სადაც ბ არის დაცული, ზოგ ენაში კი (მაგალითად, რუსულში) გადაიღეს ვინ-იანი ფორმა. ამიტომ გვაქვს ქართულში: ბასილ (ისევე როგორც ბესარიონ, ბიქტორ, იობ, საბა და ა.შ.), რუსულში კი ვასილი (ისევე როგორც ვისარიონ, ვიქტორ, იოვ, სავა და სხვანი. შეადარეთ აგრეთვე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერტის სახელი: ქართულად ბახუსი, რუსულად ვაკხი და სხვ.) შემდგომში ზოგიერთი ვინ-იანი ფორმა ქართულშიც შემოვიდა და ამჟამად გვაქვს პარალელური ფორმები: ბასილ და ვასილ, ბიქტორ და ვიქტორ. უფრო ძველი ბასილ-ისაგან მიღებულია გვარები: ბასილაძე, ბასილაშვილი, ბასილაია, ვასილ-ისაგან კი ქართული გვარი არ იწარმოება (შეადარეთ რუსული გვარი ვასილევ, პოლონური ვასილევსკი). იგივე სახელი ბასილ ესპანეთში გავრცელებულია ბაზილიო-ს ფორმით. ამავე ძირს უკავშირდება სიტყვა ბაზილიკა, რაც " სამეფო აკლდამას " ნიშნავს. ბასილ-ის შეკვეცილი ფორმაა ქართული ბასა.

ბაქარ (ქართული) ზოგი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ქართული ფორმა იყოს ბაკურ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " ღვთის შვილს " ნიშნავს. უფრო დამაჯერებელი ჩანს მისი დაკავშირება არაბულ პიროვნულ სახელთან – ბაქრ ( " ახალგაზრდა აქლემი "). უთუოდ აქედან მოდის გვარები: ბაქრაძე და ბარქაია, ბაქარ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ბაქარაშვილი, შესაძლოა მისგანვე იყოს მიღებული ბაკარიძე და ბაქანიძე.

ბაღათერა - ნახეთ ზემოთ ბაადურ-ის განმარტება.

ბაჩანა ქართული სახელია, " ტანმორჩილს " ნიშნავს (წარმოშობით უკავშირდება სპარსულ სიტყვას: ბაჩა - " ბავშვი "). გვხვდება მისი სხვადასხვაგვარი სახეცვლილებაც: ბაჩა, ბაჩია, ბაჩუა, ბაჩო, ბაჩიტა, ბაჩილა, ბაჩალა, ბაჩულა, ბაჩუკი, ბაჩირა, ბაჩუკია. ბაჩანა ფსევდონიმად ჰქონდა ვაჟა-ფშაველას ძმას – პოეტ ნიკო რაზიკაშვილს.

ბაჭუა (ქართული) დაახლოებით უდრის " პატარას ", " ბიჭუნას " (შეადარეთ კურდღლის შვილის სახელი ბაჭია). კნინობითი ფორმებია: ბაჭუკი, ბაჭუჭი.

ბახვა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " ჩაფსკვნილს ", " ბუთხუზას ". ეს სახელი ჰქვია გიორგი წერეთლის ცნობილი რომანის " პირველი ნაბიჯის " მთავარ გმირს ბახვა ფულავას. ბახვას მოფერებითი ფორმაა ბახუტა, საიდანაც მიღებულია გვარი ბახუტაშვილი.

ბებურ (ქართული) აქედანაა გვარები: ბებურიშვილი, ბებურიძე, ბებურია. გეოგრაფიული სახელწოდება ბებურიანი (ლაგოდეხის რაიონი).

ბეგი, ბეგა – თურქული ბეგი (გვიანდელი გამოთქმით ბეი), რაც " ბატონს " ნიშნავს, ქართულში საკუთარ სახელად არის ქცეული და ორი ფორმით გვხვდება: ბეგი, ბეგა (აქედანაა გვარები: ბეგიშვილი, ბეგაშვილი, ბეგიაშვილი, ბეგაძე). მისივე ვარიანტული ფორმებია: ბექი, ბექა. იმავე სიტყვის მრავლობითი რიცხვის ფორმას თურქულში წარმოადგენს სახელი ბეგლარ. წინათ სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ბეგთაბეგ (აქედან გვარია ბეგთაბეგიშვილი), რაც ნიშნავს " ბეგების ბეგს ", " ბეგების უფროსს " (შეადარეთ დიდი თანამდებობის სამოხელეო ტერმინი თურქეთში ბეგლარბეგი).

ბეგლარ (თურქული) " ბატონები ". აქედანაა გვარები: ბეგლარაშვილი, ბეგლარიშვილი. დაწვრილებით იხ. აქვე ბეგი, ბეგა.

ბეთქილ (ქართული) სვანური სამონადირო ბალადის გმირის სახელია, რომლის ეტიმოლოგიაც დაუდგენელია.

ბენედიქტე (ლათინური) " კურთხეული ", " დალოცვილი " ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ სინა-რაითელ მამას, წმინდა მოწამეს (VI ს.). გვიანდელი პარალელური ფორმაა ვენედიქტე. შემოკლებული ფორმებია: ბენე, ბენა. ამ უკანასკნელისაგან ჩანს მიღებული ბენაშვილის გვარი.

ბენიამინ (ძველი ებრაული) " შვილი მარჯვენისა " (ე.ი. " საყვარელი შვილი "). შემოკლებული ფორმებია: ბენია, ბენო. ბენია გვარიც არის სამეგრელოში. ამავე სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აგრეთვე: ბენიაშვილი, ბინიაშვილი, ბენიაძე, ბენიძე.

ბეჟან მომდინარეობს ძველი ირანული სახელისაგან (ვეჟან - " ვეჯელი " ანუ " ირანელი "). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან_ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის განთქმული პოემის, " შაჰ-ნამეს ", ერთ-ერთი გმირია. ამ სახელის კნინობითი ფორმებია ქართულში: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟუკი, ბეჟიტა. ამათგან მომდინარე გვარებია: ბეჟანიშვილი, ბეჟანეიშვილი, ბეჟანიძე, ბეჟაშვილი, ბეჟიაშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი.

ბერა (ქართული) ამავე სახელის ვარიანტებია: ბერი, ბერო, ბერუა, ბერუჩა, ბერიკა, ბერიტა. ამათგან ნაწარმოებია გვარები: ბერიძე, ბერაძე, ბეროძე, ბერაია, ბერიშვილი, ბეროშვილი, ბერუაშვილი, ბერუჩაშვილი, ბერიკაშვილი, ბერიტაშვილი და სხვანი. ამჯამად ეს სახელი გააზრებულია როგორც " მოხუცი ", " ბერი " (ნაწარმოები ‘დაბერდა’ ზმნისაგან), მაგრამ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს. კოლხურად ბერე, ბერი ნიშნავს " შვილს ", " ვაჟს " (შეადარეთ ზოგიერთ სახელსა და გვარში შემონახული ფორმები – იხ. ზემოთ). ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა უძველეს ხანაში ზოგად ქართულშიც ყოფილა (მის ფონეტიკურ სახესხვაობად მიჩნეულია ბელი - " დათვის შვილი ").

ბერდია (თურქული) " ღვთის ბოძებული ", " უფლის ნაჩუქარი ". ქართულ ცნობიერებაში უკავშირდება " სიბერის " აღმნიშვნელ ფუძეს. ხშირად გვხვდება მთიელ პერსონაჟთა სახელად (კერძოდ, ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას თხზულებებში).

ბერუკა (ქართული) აქედან გვარი – ბერუკაშვილი (ნ. ბერა).

ბერუჩა (ქართული) აქედან გვარი – ბერუჩაშვილი (ნ. ბერა).

ბესარიონ (ბერძნული) " ტყიანი ხეობა ", " ტყიანი ველი ". მისი კნინობითი-საალერსო ფორმებია: ბესო, ბესიკო

ბესიკ – ბესარიონ-ის შემოკლებული, საალერსო ფორმაა, რომელიც დამოუკიდებელ სახელად იქცა. ამ სახელს ატარებდა XVIII ს. გამოჩენილი პოეტი ბესარიონ გაბაშვილი. ამჟამად ცნობილი პოეტია ბესიკ ხარანაული.

ბექა – ძველი ქართული სახელია (დაწვრილებით იხ. ზემოთ – ბეგი, ბეგა). ამ სახელით საქართველოს ისტორიაში ცნობილია რამდენიმე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე. მათ შორის უპირველესია ბექა მანდატურთუხუცესი (XIII ს.). რუსთაველის ეპოქაში ქართული ოქრომჭედლობის უბადლო ოსტატები იყვნენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები. Bექა-საგან წარმოქმნილი გვარებია: ბექაია, ბექაური, ბექიშვილი.

ბეშქენ (ირანული) " ხელოვნება ", " ხელსაქმე ". ესეც გავრცელებული სახელი იყო. ბეშქენ ოპიზარის გარდა, ამ სახელით ცნობილია რამდენიმე სხვა თვალსაჩინო მოღვაწე ძველ საქართველოში. ბეშქენისაგან მიღებულია გვარები: ბეშკენაძე, ბეშკანაძე, ბეშკენაშვილი.

ბიკენტი (ლათინური) " მძლეველი ", " გამარჯვებული ".

ბირთველ (ქართული) " ბირთვისელი " (ბირთვისი ქართლშია, ძველად განთქმული ციხე იყო). ეს სახელი ქართულიდან სომხურშიც შესულა. გვხვდება გვარიც – ბირთველიშვილი.

ბიქტორ (ლათინური) " ძლევამოსილი ", " გამარჯვებული ". იგივეა ვიქტორ, რომელიც ახლა უფრო გავრცელებული ფორმაა (დაწვრილებით იხ. ზემოთ ბასილ-თან).

ბიძინა (ქართული) " ბიძისა ". საეკლესიო კალენდარულ სახელად მიჩნეულ იქნა თავდადებული ქართველი გმირის ბიძინა ჩოლოყაშვილის (XVII ს.) სახელის მიხედვით.

ბიჭია (ქართული) არაკალენდარული სახელია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული (აქედანაა გვარები: ბიჭაშვილი, ბიჭიაშვილი). მისი კნინობითი ფორმებია: ბიჭიკა, ბიჭიკო, ბიჭინა (აქედან გვარები: ბიჭიკაშვილი, ბიჭინაშვილი). ბიჭ-ისაგან ხმოვნის შეცვლით მიღებულია ბუჭა (შეადარეთ კომპოზიტი ბიჭ-ბუჭები) და მისი კნინობითი ფორმები: ბუჭო, ბუჭუ, ბუჭუკი, ბუჭუკა, ბუჭულა, ბუჭიტა, ბუჭუტა.

ბიჭიკო (ქართული).

ბიჭური (ქართული).

ბონდო - დამაჯერებელი ეტიმოლოგია არ მოეპოვება.

ბორის (სლავური) სრული ფორმაა ბორისლავ, შედგება ორი სიტყვისაგან, რომელთა მნიშვნელობაა " ბრძოლა " და " დიდება ". მეორე მათგანი მონაწილეობს მრავალ სლავურ სახელში, როგორიცაა ვიაჩესლავ, სტანისლავ და სხვანი.

ბოჩი, ბოჩია (ქართული) შესაძლოა უკავშირდებოდეს ლაზურ ბოჩი-ს, რაც " მამალ ცხვარს ", " ვერძს " ნიშნავს (შეადარეთ ქართული ვაცი). მეორე მხრივ – ბოში (ბოვში-ბავშვი), მოფერებით ბოჩი, მეგრულში ნიშნავს " ბიჭს " და ამის მიხედვით ეს სახელი იგივეა, რაც ბიჭია, ბიჭიკო.

ბოცო - ქართულ დიალექტებში საზოგადო სახელად გვხვდება რამდენიმე მნიშვნელობით, რომელთაგანაც განსაკუთრებით საყურადღებოა იმერული ბოცორი||ბოცვერი - " ბაჭია " (ვ. ბერიძე) და ქიზიყური ბოცოცა - " მსუქანი, თვალადი, ბავშვი; საერთოდ, თვალადი; ადამიანი " (სტ. მენთეშაშვილი). ადვილი შესაძლებელია, ეს მნიშვნელობანი ერთი ზოგადი მნიშვნელობიდან იყოს განვითარებული. ყოველ შემთხვევაში ანთროპონიმის წარმოსაქმნელად ორივე მნიშვნელობა ზედგამოჭრილია. ბოცო მამაკაცის სახელად გვხვდება ძალიან ხშირად, განსაკუთრებით – ჯაყელების გვარში. შემდგომში თვით ბოცო-საგან წარმოიქმნა გვარები: ბოცოსძე და ბოცვაძე (ამჟამად გვხვდება მხოლოდ ეს უკანასკნელი). შესაძლოა მასვე უკავშირდებოდეს ბოცვაძე (ბოცვრაძე?)

ბუბა (ქართული) სვანურად ნიშნავს " ბიძას ", ე.ი. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ბიძინა.

ბუდუ (ხურიტული) " მსახური " (ეტიმოლოგია საეჭვოა). მის გავრცელებას უთუოდ ხელი შეუწყო სიტყვის მნიშვნელობის რუსულად გააზრებამ: буду - " ვიქნები ". ცხადია, ეს გვიანდელი და მხოლოდ გარეგნულ მსგავსებაზე დამყარებული ხალხური ეტიმოლოგიაა. ბუდუ პიროვნულ სახელად გვხვდება კორიდეთის ოთხთავის (IX ს.) ბერძნულ მინაწერებში. მისი ფონეტიკური ვარიანტია სვანური გავრცელებული სახელი ფუთა.

ბუთულა, ბუთურა, ბუთხუზი - ფონეტიკური ვარიანტებია ქართულში გავრცელებული არაკალენდარული სახელებისა, რომლებიც სიმრგვალისა და სიმსუქნის გაგებას შეიცავენ.
ბუხუტი (ქართული).




გაბრიელ (ძველი ებრაული) “ ჩემი ძალა ღმერთია “. მთავარანგელოზის სახელია, რომელიც ქართულში, მსგავსად მსოფლიოს მრავალი ენისა, ძველთაგანვე ფართოდ არის გავრცელებული. მისი მოფერებითი ფორმებია: გაბა, გაბე, გაბელ, გაბილა, გაბრია, გაბრო, გაბო, გაბიტა... როგორც ძირითადი, ისე მოფერებითი ფორმებიდან ნაწარმოებია ათეულობით ქართული გვარი: გაბრიელაშვილი, გაბრიელიძე, გაბრიაძე, გაბიტაძე, გაბაძე, გაბიძე, გაბოძე, გაბროშვილი, გაბრუაშვილი, გაბრაშვილი, გაბაშვილი, გაბელაშვილი, გაბლიაშვილი, გაბლიშვილი, გაბიაშვილი, გაბიტაშვილი, გაბრავა, გაბელია, გაბელაია, გაბილაია, გაბესკირია, გაბისკირია, გაბლიანი, გაბიანი, გაბულდანი და სხვ.
გაგი, გაგა - გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია (შდრ. კაკი). ამავე სახელის ვარიანტებია: გაგანა, გაგნა. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე, გაგანიძე, გაგნიძე, გაგიშვილი, გაგეიშვილი, გაგანაშვილი, გაგნაშვილი, გაგნიაშვილი.

გაიოზ (ბერძნული) “ მიწის შვილი “, “ მიწიერი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულისა და რამდენიმე მოწამის სახელია.

გალაქტიონ (ბერძნული) “ რძისა “, “ რძიანი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა ( “ რძის გზა “). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში – გალაკტიონ (ტაბიძე).

გამიხარდი (ქართული).

გარსევან - ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა მომდინარეობდეს სპარსული გარსევაზ-ისაგან, რაც “ მცირე ძალის მქონეს “ ნიშნავს. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება გვარიც გარსევანიშვილი, აგრეთვე – სახელის კნინობითი ფორმები: გარსია, გარსოა, გარსუა.

გახა (ქართული) “ გლახა “, “ მათხოვარი “. ასეთი უსიამოვნო მნიშვნელობის მქონე სიტყვების დარქმევა სახელებად აიხსნება ხალხში ძველად გავრცელებული ცრურწმენებით.

გეგა, გეგე (ქართული) პირის სახელად გვხვდება XVI ს-დან, გვარებში – XVII ს-დან. ეს გვარებია: გეგაშვილი, გეგებერია, გეგეშიძე, გეგეჭკორი.

გედევან (ძველი ებრაული) “ მჭრელი “. მისგან ნაწარმოებია გვარები: გედევანიშვილი, გედევანიძე. პარალელურად გვხვდება ფონეტიკური ვარიანტი გედეონ.

გედია (ქართული) პირსახელად ცნობილია XVII ს-დან. იმავე დროიდან გვხვდება გვარსახელიც – გედიაშვილი.

გელა (ქართული) მიღებულია მგელა-საგან, ე.ი. ეკუთვნის ცხოველთა სახელებისაგან ნაწარმოებ პიროვნულ სახელებს. ძველად მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო: მგელია, მგელიკა, მგელუკა... მ-ს დაკარგვით: გელია, გელიკა, გელუკა და ა.შ. მათგან ნაწარმოებია გვარები: მგელაძე, გელაძე, მგელაშვილი, გელაშვილი, მგელიაშვილი, გელიაშვილი, გელეიშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელუკაშვილი, გელუტაშვილი, გელავა, გელოვანი და სხვ. ამ გვართაგან ზოგი ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება საკმაოდ ადრეული პერიოდიდან, სახელდობრ, გელოვანი – XIII ს-დან, გელაძე – XIV ს-დან, გელიანი – XIV-XV საუკუნეთა მიჯნიდან და სხვ.

გენადი (ბერძნული) “ კეთილშობილი “. მისი შემოკლებული ფორმაა გენო, ამავე ძირს შეიცავენ სახელები გერმო-გენ, ევ-გენი. გაიხსენეთ აგრეთვე სამეცნიერო ტერმინები: გენეალოგია - “ წარმოშობა “, გენეტიკა - “ მეცნიერება ჯიშთა გამოყვანის შესახებ “.

გერა (ქართული) იგივეა რაც გელა (გერი||ნგერი არის მგელ სიტყვის კოლხური ფორმა). მიიღება აგრეთვე გერასიმე-ს შემოკლების გზით. გერა ჰქვია ლეო ქიაჩელის “ გვადი-ბიგვას “ ერთ-ერთ პერსონაჟს.

გერასიმე (ბერძნული) “ პატივცემული “.

გერვასი (ბერძნული) “ ლახვროსანი “. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ძველი გერმანული სახელია გაურკვეველი მნიშვნელობისა.

გერმანე (ლათინური) “ ღვიძლი ძმა “.

გერონტი (ბერძნული) “ მოხუცებული “, უხუცესი “.

გვადი, გვანჯი - სამეგრელოში გავრცელებული სახელებია, ცნობილი ლიტერატურულ გმირთა მიხედვითაც (გვადი ბიგვა ლეო ქიაჩელის რომანის მთავარი გმირია, გვანჯ აფაქიძე კონსტანტინე გამსახურდიას “ მთვარის მოტაცების “ ერთ-ერთი პერსონაჟია). გვაჯი-ს მეგრულში მოფერებით უწოდებენ პატარა ბიჭს, ვაჟს. მთელ რიგ კავკასიურ ენებში (ხუნძურში, ანდიურში, არჩიბულში), აგრეთვე ოსურში ნიშნავს “ ძაღლს “, ან “ მგელს “.

გვარამ – იხ. ზემოთ ბარამ.

გია, გიგა, გიგი (გიგია, გიგუცა), გიგო, გიგილო, გიგლა, გიგოლი – ქართული სახელებია, მიჩნეული გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად, თუმცა წარმოშობით ზოგი მათგანი მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას. ამ სახელებისაგან ნაწარმოებია მრავალი ქართული გვარი: გიგაშვილი, გიგოშვილი, გიგოლაშვილი, გიგიაძე, გიგუცაძე და ა.შ.

გივი (სპარსული) მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივი-ს მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი.
გიო (ბერძნული) მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით. მნიშვნელობით უდრის “ მიწას “ (იხ. აქვე გიორგი).

გიორგი (ბერძნული) “ მხვნელ-მთესველი “, “ მიწათმოქმედი “. მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია. ქართულში ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს გვარები: გიორგაძე, გიორგიძე, გორგაძე, გორგიძე, გოგაძე, გოგიძე, გოგია, გოგიავა. გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგიტაშვილი, გოგიჩაიშვილი და სხვანი.

გოგი, გოგია, გოგიტა, გოგლა - გიორგი-ს კნინობითი ფორმებია. ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.

გიტო (ქართული).

გლახა (გლახუნა) ქართული, იხ. ზემოთ გახა.

გობრონ - ეტიმოლოგია უცნობია. ეს სახელი ერქვა ქართველთა მიერ წმინდანად აღიარებულ ერთ-ერთ პირს, რომელიც მოკლეს არაბებმა 914 წელს. ( “ დიდმოწამე მიქაელ, რომელსა ეწოდა გობრონ “. მისი ხსოვნის დღეა 17 XI). აქედანაა გვარი გობრონიძე.

გოგოთურ - მთაში გავრცელებული სახელია, რომლის მნიშვნელობაც დაუდგენელია. ეს სახელი ჰქვია ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის “ გოგოთურ და აფშინას “ მთავარ გმირს.

გოდერძი (ირანული) “ ძლიერი ხარი “. აქედანაა გვარები: გოდერძიშვილი, გოდერიძე, გორდეზიანი (გოდერძიანი).

გოლა (ქართული) აქედან ნაწარმოებია გვარი გოლიაძე.

გონერი (ქართული) “ გონიერი “.

გორდა (ქართული) აქედან ნაწარმოებია გვარი გორდაძე.

გოჩა (ქართული) ქართული ენის ზოგი დიალექტის მიხედვით გოჩა ნიშნავს “ ბერიკაცს “ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ გერონტი, ფირან), ზოგი დიალექტის მიხედვით - “ პატარას “ (შეადარეთ ტოპონიმები: დიდი ჯიხაიში და გოჩა ჯიხაიში). გოჩა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირს – ხევისბერს. ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები: გოჩაშვილი, გოჩავა, გოჩუა. მოფერებითი ფორმებია: გოჩია, გოჩიტა, გოჩელა, საიდანაც მიღებულია გვარები: გოჩიაშვილი, გოჩიტაშვილი, გოჩელაშვილი, გოჩელეიშვილი, გოჩოლაშვილი, გოჩალეიშვილი.

გრიგოლ (ბერძნული) “ მღვიძარე “, “ ფხიზელი “. ეს სახელი ერქვა მსოფლიოში ცნობილ ბერძენ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ნაზიანზელს (III-IV სს.), ასევე ცნობილ საეკლესიო მწერალს, ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს გრიგოლ ნოსელს (IV ს.), საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ხანძთელს (759-861), ოშკის აღმშენებელს გრიგოლ ოშკელს (X ს.) და ბევრს სხვას. გრიგოლის კნინობით-მოფერებითი ფორმებია: გიგა, გიგი, გიგო, გიგლა, გიგოლი, გიგოლა (მათგა ზოგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს). გრიგოლისაგან ნაწარმოები გვარებია: გრიგოლაშვილი, გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა; ტოპონიმები: გრიგოლეთი, გრიგოლიში. ბევრი გვარია წარმოქმნილი კნინობითი ფორმებისაგანაც. იშვიათად გვხვდება სახელის ფორმა გრიგორ, საიდანაც მიღებულია გვარი გრიგორაშვილი.

გუბაზ (ირანული) ეტიმოლოგია უცნობია. ეს სახელი გვხვდებოდა საქართველოში ჯერ კიდევ თხუთმეტი საუკუნის წინათ. გუბაზ I, ეგრისის მეფე, დაახლოებით 456 წ. აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა იმპერატორს ხლებოდა კონსტანტინოპოლში, სადაც მას სამეფო კარის კეთილი განწყობა დაუმსახურებია. თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის წარმატებით იბრძოდა გუბაზ II, ეგრისის მეფე VI ს. 40-50-იან წლებში. ის ბიზანტიელმა სარდლებმა მოკლეს 554 წელს. გუბაზოული ჰქვია მდინარეს (სუფსის მარცხენა შენაკადს) ჩოხატაურის რაიონში.

გუგა, გუგუ, გუგუა (ქართული) ერთი და იმავე სახელის ვარიანტებია. მათგან წარმოქმნილია გვარები: გუგავა, გუგეშვილი, გუგოშვილი, გუგუშვილი, გუგუბერიძე. ამათგან გუგავა ძველ საბუთებში იხსენიება XVI საუკუნიდან. გუგუა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის “ ხევისბერი გოჩას “ ერთ-ერთ მოქმედ გმირს.

გუგული (ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად (ვაჟის სახელად იშვიათად).

გუგუნა, გუგუტა – ზემოხსენებული გუგა||გუგუ-ს საალერსო ფორმებია, რომლებიც დიდი ხანია დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული: გუგუნა გვხვდება ჯერ კიდევ 1399-1419 წლებით დათარიღებულ ერთ საბუთში, გუგუტა – XVI საუკუნის საბუთში. ასევე ადრეული ხანებიდან დასტურდება ამ სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: გუგუნბერიძე (1558 წ.), გუგუნავა (1671 წ.), გუგუნაშვილი (XVII ს.), გუგუტაშვილი (1639) წ.) და სხვ.

გულაბერ (ქართული) “ ვარდის შვილი “. აქედანაა გვარი გულაბერიძე.

გულბაათ (სპარსული) “ ვარდის ქარი “, ე. ი. ქარი, რომელსაც ვარდის სურნელება მოაქვს. აქედანაა გვარი გულბათაშვილი (გვხვდება XVII ს-დან).

გულდამ, გულდა – მომდინარეობს სპარსულიდან: გულანდამ – “ ვარდისტანა “, “ ვარდსხეულა “. Gვხვდება ქალის სახელადაც (XVI ს-დან). აქედანაა გვარი გულდამაშვილი.

გურამ – განმარტებისათვის იხ. სახელი ბარამ.

გურგენ (ირანული) “ მგლისა “ (შდრ. მგელა, გელა, გერა და სხვ.). ისტორიულ დოკუმენტებში ეს სახელი გვხვდება XV ს-დან (1408 წ., 1429-1452 წწ. და სხვ.). გვარები გურგენიძე, გურგენიშვილი დასტურდება XVII საუკუნიდან.

გუცა – გიგუცა-ს ანუ გიგა-ს ვარიანტული ფორმაა.




დადა (დადია) წმ. მოწამის სახელია, რომლის ეტიმოლოგია დაუდგენელია. აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი დადიანი. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ივანე დადიანი " ქართლის ცხოვრებაში " იხსენიება 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით. XII ს-დან ცნობილი არიან ბედან და ვარდან დადიანები. ამ გვარის სახელოვან მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა 1245 წ. კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე ცოტნე დადიანი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დადაშ - (ქართული) გავრცელებულია სვანეთში, ნიშნავს: " დედისა ". ფონეტიკური შედგენილობით ემთხვევა აზერბაიჯანულ სახელს, რომელიც სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს ( " ძმა "). ქართულში დადაშის ვარიანტული ფორმებია: თათაშ, ტატაშ. ამათგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: დათეშიძე, ტატაშიძე, თათაშვილი, ტატაშვილი.

დავით (ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია, რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება: " საყვარელი ", " სასურველი ", " წინამძღოლი ", " მეგობარი "... დავით ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს, ფსალმუნთა ავტორს. ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია, ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს (დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე, - არგვეთის მთავრები, დავით გარეჯელი და სხვ. ) ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე სახელოვანს – დავით აღმაშენებელს. ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა, დათიკო, დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა... შდრ. მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.). როგორც ძირითადი, ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი: დავითაია, დავითაშვილი, დავითიშვილი, დავითაძე, დავითიძე, დავითიანი, დავითულიანი, დავითური, დავითოშვილი, დავითელაშვილი, დავითიაშვილი, დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი, დათუაძე, დათუკაშვილი, დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.

დამიანე (ბერძნული) " მშვიდი ", " წყნარი ", " მორჩილი ". ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე, მათ შორის საკვირველმოქმედი მკურნალი. ამავე სახელს ატარებდა ბერად აღკვეცილი მეფე დემეტრე (1125-1156), დავით აღმაშენებლის ძე, " შენ ხარ ვენახის " ავტორი. XIV ს-დან ცნობილია ძველი ქართველი მხატვარი დამიანე, უბისის ტაძრის მომხატველი.

დანიელ (ძველი ებრაული) " მსაჯული ჩემი – ღმერთი ". ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, ერქვა აგრეთვე რამდენიმე წამებულსა და წმინდანს. მისგან წარმოქმნილი გვარებია: დანიელაშვილი, დანიელიძე, დანელაშვილი, დანელიშვილი, დანელია.

დარისპან (სპარსული) " კარი ისპაანისა ". აქედანაა გვარი დარისპანაშვილი, სოფლის სახელი დარისპარაული (დარისპან-ა-ულ-ი).

დაჩი - ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს პირველი ცოლისაგან. ასე რომ, ეს სახელი საქართველოში უძველესი დროიდან გვხვდება: " ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი " ( " ქართლის ცხ "., I, 178). არსებობს ამ სახელის ეტიმოლოგიის რამდენიმე ცდა. მზია ანდრონიკაშვილის აზრით, სპარსული სახელი დარჩილ წარმოადგენს საშუალო სპარსულ ფორმას ძველი ირანული სახელისას Dარაყაცივრა ( " ტომის, გვარის მფლობელი, უფროსი ".) საშ. სპარსული ფორმა იქნებოდა Dარციჰრ, რომელიც ქართულში კანონზომიერად მოგვცემდა დარჩილს და დაჩის. მისივე აზრით, არის მეორე შესაძლებლობაც: Dარციჰრ გავიგოთ, როგორც მიღებული საშუალო სპარსულიდან - Dარბციჰრ ( " დარიოსის მოდგმისა "). აკაკი შანიძის ეტიმოლოგიის მიხედვით, დაჩი მიღებულია ქართული " დარჩი " ზმნის გამარტივებით. აღსანიშნავია, რომ XVII-XVIII სს. ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება პიროვნული სახელი დარჩა, დარჩია და მისგან ნაწარმოები გვარები: დარჩაშვილი, დარჩიაშვილი, დაჩიბერიძე, დარჩიბეგიშვილი, დარჩია.

დევი - წარმოშობით სპარსული სიტყვაა, ქართულში ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ უჭკუო ზღაპრული არსების სახელია. ამავე დროს დევი დავით-ის ინგლისური ფორმაა (ადამიანის სახელად უმთავრესად სწორედ აქედან გავრცელდა). მისგან ნაწარმოები გვარებია: დევაძე, დევიძე, დევაური.

დემეტრე (ბერძნული) " მიწა – დედა ", სხვაგვარი განმარტების მიხედვით " დემეტრასი ". ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია (იგივე ცერერა). ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის – დემეტრე (იგივე დიმიტრი) თავდადებულს. დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა, სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი (ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა). ასეთივე ცვლილება სხვა სახელებშიც მომხდარა: ელია – ილია, ჰერეკლე_ერეკლე_ირაკლი, ესაია_ისაია და სხვა. უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში: დემეტრაძე, დემეტრაშვილი, ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ესაიაშვილი და ა.შ. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია: დიტო, მიტო, დუტუ.

დემნა - ძველი ქართული სახელია, წარმოშობით ესეც დემეტრე-ს კნინობითი ფორმა უნდა იყოს.

დენის (თურქული) " ზღვა ". გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც – დენიზა.

დიანოზ (ბერძნული) " დიანოსი " (დიანა ნადირობის ქალღმერთის სახელია ანტიკურ მითოლოგიაში).

დიდიმ (ბერძნული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპთაგანი ", " ტყუპის ცალი " (მნიშველობის მხრივ შეადარეთ სახელ თომას).

დიმიტრი იხ. ზემოთ დემეტრე.

დიომიდე (ბერძნული) " ზევსის ნაფიქრი ", ან " ზევსის ნებით უფლებამოსილი " (ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთის სახელი ძეუს ნათესაობით ბრუნვაშია Dიოს " ზევსისა ").

დიონისე (ბერძნული) " დიონისესი " (დიონისე, იგივე ბახუსი, ითვლებოდა ღვინისა და მხიარულების ღმერთად).

დომენტი (ლათინური) " დამწყნარებელი ", " მომთვინიერებელი ", " დამმორჩილებელი ".

დოროთე (ბერძნული) " ღვთის მონიჭებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". ამავე მნიშვნელობისაა თეოდორე (თევდორე, თედორე), სადაც სახელის შემადგენელი სიტყვები იგივეა, ოღონდ შებრუნებული რიგით წარმოდგენილი: თეოს - " ღმერთი ", დორონ - " საჩუქარი " (შეადარეთ რუსული дар, по-дар-ок).

დურმიშხან (თურქული) " მდგომი ", " დამდგარი " (იგულისხმება: " კაცად დამდგარი ", " დავაჟკაცებული ").

დუტუ - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახელია, ითვლება დიმიტრი-ს შემოკლების გზით მიღებულად, მაგრამ შესაძლოა წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი იყოს (უკავშირებენ ხურიტულს). ამ სახელს ატარებდა ფსევდონიმად პოეტი დიმიტრი ხოშტარია – დუტუ მეგრელი.




ეგნატე (ლათინური) " არმცოდნე " (ვისაც ამბავი არ აუწყეს, არ შეატყობინეს). ეს სახელი ერქვა რამდენიმე გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს და მღვდელმოწამეს. ქართველ მწერალთაგან ყველასათვის ცნობილია ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა). ეგნატე-საგან ნაწარმოებია გვარი ეგნატაშვილი.

ედიშერ (სპარსული) " ლომის დღესასწაული ". აქედანაა გვარი ედიშერაშვილი. ეს სახელიცა და გვარიც დასტურდება ქართულ ისტორიულ საბუთებში XVII ს-დან. შედარებით იშვიათად გვხვდება აგრეთვე გვარი ედიშერიძე.

ედუარდ (გერმანული) " საკუთრებაზე მზრუნველი ".

ევგენი (ბერძნული) " კეთილშობილი ". მისი შემოკლებული ფორმაა გენო (რუსულსა და ზოგ სხვა ენაში – ჟენია გვხვდება ქალის სახელადაც (ევგენია, შემოკლებით – ჟენია). ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე – კაცებიც და ქალებიც. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარი ევგენიძე.

ევგრაფი (ბერძნული) " კარგად ნახატი ".

ევდემონ (ბერძნული) " ღმერთთაგან დაცული ", " ბედნიერი ".

ევდოკიმე (ბერძნული) " გამოჩენილი ", " სახელოვანი ".

ევსევი (ბერძნული) " კეთილმსახური ", " ღვთისმოსავი " (გვხვდება აქედან წარმოქმნილი ქალის სახელიც – ევსევია).

ევსიხი (ბერძნული) " კეთილი სული ", " მშვიდი ", " წყნარი ".

ევტიხი (ბერძნული) " ბედნიერი ".

ელეფთერ (ბერძნული) " თავისუფალი ".

ელგუჯა (თურქული) " ხალხის ძალა ". ელგუჯა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მთავარ გმირს, რამაც ხელი შეუწყო ამ სახელის ფართოდ გავრცელებას ჩვენში.

ელდარ (ძველი ებრაული) " ღვთის ნაჩუქარი " ; ან: (ირანული) " თავადი ", ბატონი ", " მმართველი ". ერთ-ერთი ძველი ალანური სამხედრო და წოდებრივი ტერმინია.

ელია (ძველი ებრაული) " ღმერთი ჩემი – იეღოვა " (ან: " ღმერთი ჩემი სიმაგრე "). ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც არაერთგზის იხსენიება უძველეს ქართულ ტექსტებში: " და ხეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა " (მათე 17, 3). ბერძნულიდან მომდინარე გვიანდელი ფორმა ამ სახელისა არის ილია (იხ.). ამ სახელისაგან წარმოქმნილი ქართული გვარებია: ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ელიაური.

ელიაზარ (ძველი ებრაული) " ღვთის წყალობა ", " ღვთის შემწეობა " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთია შემწე "). ამ ფორმით ქართულში ნაკლებად გვხვდება, მაგრამ გავრცელებულია მისგან მიღებული სახელი ლაზარე, რომლის მეშვეობით ნაწარმოებია გვარებიც: ლაზარიშვილი, ლაზარია. გვხვდება აგრეთვე ელიაზარაშვილის გვარიც. აქედანვეა ებრაული გვარები: ელიკეზერაშვილი, კეზერაშვილი.

ელიზბარ - ეტიმოლოგია არაა დადგენილი, ცნობილია 1659 წ. ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც თავის მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ამ სახელისაგანაა წარმოქმნილი გვარი ელიზბარაშვილი. კნინობითი ფორმაა ელიბო.

ელიოზ - ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა ელია. ეს სახელი ერქვა მცხეთელ ებრაელს, რომელმაც ლონგინოზ კარსნელთან ერთად უფლის კვართი (ქრისტეს პერანგი) ჩამოიტანა საქართველოში: " და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა " (ქართლის ცხოვრება ", I, 36) ამ სახელისაგან ნაწარმოები გვარი ელიოზისძე||ელიოზიშვილი დოკუმენტურად დადასტურებულია XV ს-დან.

ელისე (ძველი ებრაული) " ღმერთი - ხსნა ", " ვისი მხსნელიც ღმერთია ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარები: ელისაშვილი, ელიშაყაშვილი, ელიშაყოვი, ელიშაკოვი.

ემანუელ, ემანუილ (ძველი ებრაელი) " ჩვენთან არს ღმერთი ". ფონეტიკური ვარიანტია მანაველ||მანაველა, საიდანაც წარმოქმნილია ქართული გვარები: მანველაშვილი, მანველიშვილი, მანელიშვილი, მანველიძე, მანელიძე.

ემელიანე, ემელიან (ბერძნული) " ალერსიანი ". შეიძლება ეს სახელი დაუკავშირდეს ლათინურსაც და მაშინ ის იქნება ემილ-ის კნინობითი ფორმა, ან აღნიშნავს " ემილის კუთვნილს ". თვით სახელი ემილი გავრცელებულია ევროპაში და ნიშნავს " მეტოქეს " (შეჯიბრების დროს). მისგან ნაწარმოებია ქალის სახელიც: ემილია.

ემზარ (ირანული) " თანამაცხოვრებელი " (ეტიმოლოგია საეჭვოა).

ენრიკო (ძველი გერმანული) მოფერებითი ფორმაა სახელისა ჰენრიხ||ჰენრი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.

ენუქი (ძველი ებრაული) " ზრდილი " (ნაწარმოებია ზმნური ფუძიდან ჰანაკ " აღზრდა ", " სწავლება "). აქედანაა წარმოქმნილი გვარები: ენუქიძე, ენუქიშვილი, ენუქაშვილი.

ეპიფანე (ბერძნული) " გამოჩენილი ", სახელგანთქმული ". იშვიათად ქართულში გვხვდება აგრეთვე მისის ფონეტიკური ვარიანტი ეტვფანე||ეტიფანე. შესაძლოა აქედან იყოს გვარი ეპიტაშვილი (ეტიპაშვილი||ეტიფაშვილი).

ერასტი (ბერძნული) " საყვარელი ", " მოსაწონი ", " მშვენიერი ". ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია. ქართულში გვხვდება XVII ს-დან.

ერეკლე - წარმოქმნილია ბერძენთა საყვარელი მითოლოგიური გმირის ჰერკულესის ანუ ჰერაკლეს სახელისაგან. თვით ჰერაკლე ნიშნავს " ჰერას (ზევსის მეუღლის) დიდებას ". ამავე სახელის შედარებით ახალი ფორმაა ირაკლი. ერეკლე ერქვა ქართველთა ორ მეფეს, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ერეკლე II – პატარა კახი.

ერემია (ძველი ებრაული) " მაღალი " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთი აღამაღლებს "). ძველი ფორმაა იერემია, შემოკლებული – ერემო. აქედანაა გვარები ერემაძე, ერემაშვილი, ერემეიშვილი.

ერმალოზ (ბერძნული) " ჰერმესის ხალხი ". დღეს ეს სახელი უფრო გავრცელებულია ბოლო თანხმოვნის გარეშე: ერმალო.

ერმი (ბერძნული) ჰერმესი, იგივე მერკური; ანტიკურ მითოლოგიაში – მეცხოველეობისა და ვაჭრობის ღმერთი, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების მახარობელი.

ერმილე (ბერძნული) " ჰერმესის ტყისა ".

ეროსი (ბერძნული) " გულისთქმა ", " ხორციელი ლტოლვა ", " სიყვარული ".

ესაია (ძველი ებრაული) " ხსნა უფლისაგან ", " ღვთისაგან მოვლენილი დახმარება ". აქედანაა გვარი ესაიაშვილი. მერმინდელი ფორმაა ისაია.

ესრომ - ეტიმოლოგია უცნობია.

ესტატე (ბერძნული) " კარგად (მტკიცედ) მდგომი ", " მედგარი ". ამ სახელის უფრო ძველი ფორმაა ევსტათი (ეს სახელი ერქვა VI ს. ერთ-ერთ ქართველ მოწამეს – ევსტათი მცხეთელს). აქედანვეა უკრაინული ოსტაპი, რუსული ევსტაფი (ეს უკანასკნელი გვხვდება ქართულშიაც: ევსტაფი, ესტაფი). მოფერებითი ფორმაა ქართულში ტატე, საიდანაც მიღებულია გვარი ტატიშვილი.

ეფრემ - დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება; საეკლესიო კალენდრის მიხედვით ახსნილია როგორც " ნაყოფიერი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ კარპე, პოლიკარპე); სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიშნავს " აღორძინებას ", ან " ნუგეშისმცემელს " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით, მომდინარეობს ძველ ებრაელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან.

ექვთიმე (ბერძნული) " კეთილის მზრახველი ", " გულკეთილი ", " უზაკველი (უბოროტო) ".




ვალერი (ლათინური) " ღონიერი ", " ჯანმრთელი ". ქართულში გვხვდება მხოლოდ კაცის სახელად (შემოსულია რუსულის გზით), ლათინურში კი არსებობს მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც – ვალერია, რომელიც სხვა ენებშიც არის შესული. იმავე სიტყვის ფუძისაგან ნაწარმოებია სახელები: ვალენტი, ვალენტიონ, ვალენტინ, ვალენტინა (ქართულში ბოლო დროს შემოვიდა მხოლოდ ეს უკანასკნელი, რომლის შემოკლებული ფორმაა ვალია). ვალერი რომაული საგვარეულო სახელია, საიდანაც ნაწარმოებია კიდევ ახალი სახელი ვალერიან, ვალერიანე.

ვალერიან, ვალერიანე (ლათინური) " ვალერისა ", " ვალერის შვილი ". ქართულში მისი მოფერებითი ფორმაა ვალიკო.

ვამეყ, ვამეხ (არაბული) " მოყვარული ".

ვანო ქართული შემოკლებული ფორმაა ივანე-სი (იხ.). ოფიციალურ ფორმად იგი არ მიიჩნევა, თუმცა ამის ტენდენცია ჩანს ზოგიერთი მოღვაწის სახელში (მაგ., ვანო სარაჯიშვილი, ვანო გოკიელი, ვანო მურადელი).

ვაჟა (ქართული) " ვაჟი ", " ვაჟკაცი ". ვაჟა-ფშაველა ფსევდონიმია დიდი ქართველი პოეტის ლუკა რაზიკაშვილისა, რომლის პატივისცემითაც ვაჟა საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული სახელი გახდა. მისივე ვარიანტებია: ვაჟია, ვაჟიკა, ვაჟიკო. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ანდრია, კარლო.

ვარაზ (ირანული) " ტახი ". დღეს შედარებით იშვიათად გვხვდება, " ქართლის ცხოვრებაში " კი ამ სახელით არა ერთი ისტორიული პირი არის ცნობილი, მათ შორის ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარი. წინათ ამ სახელის გავრცელებას მოწმობს აგრეთვე გვარი ვარაზაშვილი და გეოგრაფიული სახელწოდება ვარაზისხევი (თბილისში, უნივერსიტეტის წინ).

ვარდან (ირანული) " გმირი ". ქართულში შესაძლოა შემოსული იყოს სომხურიდან, სადაც იგი უფრო გავრცელებულია. ეს სახელი ერქვა, მაგალითად, წამებული შუშანიკ დედოფლის მამას – ვარდან მამიკონიანს (V ს.) მისგან ნაწარმოები გვარებია: ვარდანაშვილი, ვარდანიძე.

ვარდენ – ეტიმოლოგია უცნობია. შესაძლოა ზემოხსენებული ვარდან-ის ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს.

ვარლამ (ქალდეური) " ხალხის შვილი ". აქედანაა გვარი ვარლამიშვილი. მისი მოფერებითი ფორმაა ვალიკო (შეადარეთ ვალერიან).

ვასილ (ბერძნული) " სამეფო ", " მეფისა " (დაწვრილებით იხ. ბასილ). ქართულში ხშირად გვხვდება შემოკლებული ფორმით: ვასო. ვასილ-ისაგან ნაწარმოებია სახელი – ვასილისა.

ვაჩე - ძველად საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. " ქართლის ცხოვრების " მიხედვით, ვაჩე ერქვა ქათლის მეოცე მეფეს. ამ სახელისაგან არის ნაწარმოები გვარები ვაჩეიშვილი, ვაჩაძე და ვაჩნაძე. აგრეთვე სოფლის სახელი ვაჩიანი. ვაჩე წარმოშობით ირანული სახელია და " ყმაწვილს ", " ბავშვს ", " ბიჭს ", " შვილს " ნიშნავს (შეადარეთ ქართული ბიჭიკო).

ვახტანგ - ქართულში ძველთაგან ცნობილი და ამჟამადაც გავრცელებული სახელია. ეს სახელი ერქვა საქართველოს არაერთ მეფესა და გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის თბილისის დამაარსებელს ვახტანგ გორგასალს (V ს.). წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს " მგლისტანიანს ", მგელას ". აქედანაა გვარები: ვახტანგაძე, ვახტანგიძე, ვახტანგაშვილი, ვახტანგიშვილი, ვახტანგური.

ვახუშტი (ირანული) " საუკეთესო ", " სამოთხე ". ამ სახელით ცნობილ ქართველ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოჩენილი მეცნიერი – გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.)

ველოდი (ქართული) იშვიათი სახელია, გამოხატავს ბავშვის გაჩენის მოლოდინს. მისი ანტონიმური სახელია არველოდი (იხ.). შეადარეთ ძველი სლავური სახელები: Ждан, Неждан, რომელთაგანაც ნაწარმოებია გვარები: Жданов, Нежданов, შდრ. აგრეთვე ქალის სახელები: ვინელი ვინარი.

ვეფხია (ქართული) მნიშვნელობით მას ედრება უცხოური სახელები: პარდი, ტიგრია, ყაფლან. ვეფხიას ვარიანტებია: ვეფხია, ვეფხო, ეფხო, ეფხია, მისგან ნაწარმოები გვარებია: ვეფხვაძე, ვეფხვიაშვილი, ვეფხიაშვილი, ვეფხიშვილი, ეფხოშვილი.

ვენორ, ვიანორ (ბერძნული) " ძლიერი მამაკაცი ".

ვიტალი (ლათინური) " სასიცოცხლო ". შეადარეთ ვიტამინი - " სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერება ".

ვიქტორ (ლათინური) " გამარჯვებული ", " ძლევამოსილი " (იხ. ბიქტორ). უცხო ენებში ამავე ფუძესთან დაკავშირებული არაერთი სხვა სახელიც გვხვდება: ვიქტორიკ, ვიქტორინ, ვიქტორინა, ვიქტორია. რომაულ მითოლოგიაში ვიქტორია გამარჯვების ქალღმერთის სახელია (შეადარეთ ვიქტორინა – სახელწოდება ერთგვარი თამაშისა, რომლის დროსაც კითხვებს სვამენ ცოდნის სხვადასხვა დარგიდან და ამ გზით გამოავლენენ გამარჯვებულს).

ვლადიმერ - ძველი სლავური სახელია, ნიშნავს " ქვეყნის მფლობელს ". მასთან ფორმით ახლოს დგას აგრეთვე გოთური ვოლდემარ, რომელიც ნიშნავს " განთქმულ (ცნობილ) ბატონს ", " მფლობელს ". ვლადიმერის შემოკლებული ქართული ფორმაა ლადო, მოფერებითი – ლადიკო.

ვლასი (ბერძნული) " უხეში ", " მოუხერხებელი ". მისი მოფერებითი ფორმაა ლასიკო.




ზაალ (სპარსული) " მოხუცი ". ეს სახელი ჰქვია ფირდოუსის " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს, როსტომის მამას, რომელიც მთლად თეთრი თმითა და წარბ-წამწამით დაიბადა და მამამისმა საამმა სწორედ ამიტომ დაარქვა " მოხუცი ". სხვებმა მას უწოდეს აგრეთვე ზარ - " ოქროსი " ამ ორი სახელის შეერთებით მიღებულია ზაალზარ, რომლის გამარტივებული ფორმაა ზაზა. ზაალის კნინობითი ფორმებია: ზალიკა, ზალიკო. აქედანაა გვარები: ზაალიშვილი, ზალიკაშვილი, ზალიკიანი. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია ზაალ არაგვის ერისთავი (1633-1660 წწ.). ის იყო კახეთის 1659 წლის ანტიირანული სახალხო აჯანყების მეთაური.

ზაზა - მიღებულია " შაჰ-ნამეს " გმირის ზაალ-ზარ-ის სახელისაგან (იხ. აქვე ზაალ). ზაზა ერქვა რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ცნობილია ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, სამკურნალო წიგნის ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (XV ს.) ზაზა-სა და მისი მოფერებითი ფორმებისაგან ნაწარმოებია გვარები: ზაზაძე, ზაზაშვილი, ზაზიაშვილი, ზაზიკაშვილი, ზაზანაშვილი, ზაზარაშვილი, ზაზუნაშვილი.

ზაურ (ირანული) " ძალა ". აქედანაა გვარები: ზაურაშვილი, ზავრაშვილი, ზავარაშვილი (სამივე ვარიანტი დასტურდება XVII ს-დან).

ზაქარია (ძველი ებრაული) " ღვთის მიერ დაუვიწყარი " (სიტყვასიტყვით: " ღმერთს ახსოვს "). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " რაითა ხიძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი, დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა, ძისა ბარაქისა, რომელი წარწყმდა შოვრის საკურთხეველისა მის და ტაძრისა " (ლუკა 11, 50-51). ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი. ახლო წარსულიდან პირველ რიგში მოგვაგონდება დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ზაქარია-ს მოფერებითი ფორმებია: ზაქრო, ზაქრუა, შაქრო, შაქარა... მათგან ნაწარმოები გვარებია: ზაქარიაძე, ზაქარიაშვილი, ზაქარაძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქარეიშვილი, ზაქარაია, ზაქარია, ზაქროშვილი, ზაქუტაშვილი, ზარქუა (_ზაქრუა), ზაქრაძე...

ზებედე (ძველი ებრაული) " მგელი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული მგელა, გელა, გერა, ირანული ვახტანგ, გურგენ, ბერძნული ლვიკოს, გერმანულ ადოლფ და სხვ.) ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია; სახარების უძველეს ქართულ თარგმანში იკითხება: მოციქულთა სახელები ესე არს:...იაკობ, ალფესი და ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3).

ზევახ - ეს სახელი დღეს იშვიათად გვხვდება, გავრცელებული იყო ძველ ქართულში, სადაც ის, როგორც ჩანს, შემოსულა ოსურიდან, ოსურში კი – სკვითურიდან. ნიშნავს " ზარმაცს ". სხვაგვარი განმარტებით, ჯავახ-ის უძველეს ვარიანტს წარმოადგენს. მცხეთაში აღმოჩენილი წარწერებიდან ცნობილია ზევახ პიტიახში (II ს.).

ზეზვა - ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა; განსაკუთრებით გავრცელებულია მთაში, ცნობილი ისტორიული პირია თუშთა ბელადი ზეზვა გაფრინდაული (XVII ს.).

ზენონ (ბერძნული) " ღვთისა ". ნაწარმოებია ბერძენთა უზენაესი ღვთაების – ზევსის სახელისაგან, რომელსაც უკავშირდება აგრეთვე არაერთი სხვა ბერძნული სახელი: ზენონა, ზინა, ზინაიდა, ზინობი, ზინობია.

ზვიად (ქართული) აქედანაა გვარები: ზვიადაძე, ზვიადაური. ერქვა მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

ზოსიმე (ბერძნული) " სიცოცხლისუნარიანი ". ბერძნულად ზოოს ნიშნავს " ცოცხალს ", " ცხოველს ". აქედანაა ნაწარმოები ზოილი ( " ცხოველთა მოყვარული "), რომელიც ჩვენში ადამიანის სახელად არ გვხვდება, მაგრამ მას ფსევდონიმად ხმარობდა ქართველი კრიტიკოსი დავით კეზელი. გადმოცემით, საბერძნეთის უდიდეს მწერალს ჰომეროსს ჰყოლია ერთი მკაცრი კრიტიკოსი, სახელად ზოილი, რის გამოც ეს სახელი უსამართლო კრიტიკოსის, ბოროტი მლანძღველის სინონიმად იქცა.

ზურაბ - ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც " წითელი წყალი ", მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას – ლალს. სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს. ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს. იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა " შაჰ-ნამეს " სხვა გმირთა სახელების მსგავსად. მისი კნინობითი ფორმებია: ზურაბა, ზურა, ზურია, ზურიკო. აქედანაა გვარები: ზურაბიშვილი, ზურაბაშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, ზურაბიანი, ზურაბაული.




თადეოზ (ასურული) " ბრძენი " ; საბას განმარტებით _ " მაქებელი ". პარალელური ფორმაა თათაოს. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სახარებაში იხსენიება ორი სახელით: " ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3). ცნობილია აგრეთვე სტეფანწმინდელი მოწამე თადეოზი, იგივე თათა. თათა და ასევე თადე, თადო, თადუნა თათაოსის ანუ თადეოზის საალერსო-კნინობითი ფორმებია. მისგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: თათაშვილი, თათეიშვილი, თადაშვილი, თადიშვილი, თადიაშვილი, თადიაური...

თათაშ (ქართული) " თათასი ". იხ. თადეოზ. შდრ. დადაშ, ტატაშ.

თამაზ (ძველი ირანული) " ძლიერი ცხენი " ან " ძლიერი ცხენოსანი ". აქედანაა გვარი თამაზაშვილი, რომელიც დოკუმენტებში დასტურდება XV ს-დან. გვხვდება აგრეთვე პარალელური ფრომა თამაზიშვილი.

თანდილა (ქართული) ავთანდილ-ის შემოკლებული ფორმა ჩანს. საკუთარ სახელად გვხვდება მხოლოდ ქართველებში. აქედანაა გვარები: თანდილავა, თანდილაშვილი. როგორც სახელი თანდილა, ისე გვარი თანდილაშვილი დოკუმენტებში გვხვდება XVI ს-დან.

თარხან (თურქულ-მონღოლური) მნიშვნელობა არ არის ნათელი: " მჭედელი " (?); გვიანდელი გაგებით – " თავისუფალი ". აქედანაა გვარი თარხნიშვილი. ეს სახელიც და გვარიც ქართულ წყაროებში ჩანს XVII ს-დან.

თაყა - ქართული სახელია, მაგრამ გაურკვეველი მნიშვნელობისა. ქართულიდან სომხურში არის შესული. მისგან მოდის გვარები: თაყაშვილი, თაყაიშვილი, თაყაძე, თაყნიაშვილი, ტაკაშვილი.

თედო - ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება, მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად (თედო რაზიკაშვილი, თედო ჟორდანია, თედო სახოკია). ანალოგიური ფორმები (თედო, თედუა) დასტურდება ხურიტულ წარწერებში.

თედორე (ბერძნული) " ღვთის ბოძებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". თეოს ბერძნულად ნიშნავს " ღმერთს ", დორონ - " საჩუქარს ". აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე. მისი რედუქციით კი – თევდორე და ბოლოს – თედორე. იმავე სიტყვებს შებრუნებული რიგით შეიცავს სახელი დოროთე. როგორც ერთის, ისე მეორისაგან ნაწარმოებია ქალის სახელებიც: თეოდორა, დოროთა. ამ სახელებთან დაკავშირებით მოგვაგონდება აგრთვე თეო-ს შემცველი მრავალი სხვა სახელი: თეა, თეო ( " ღვთაება "), თეკლა, თეკლე ( " ღვთის დიდება ") თეოდოსია, ფეოდოსია ( " ღვთისადმი შეწირული "), თეოდულა ( " ღვთის მონა "), თეოლინე ( " ღვთის მოყვარე "), თეოფილაქტე ( " ღვთის მცველი ") და ა.შ. თევდორე-საგან ნაწარმოებია გვარები: თევდორაძე, თევდორაშვილი, თედორაია, თედორაძე, თედიაშვილი, თედოშვილი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: თედო, თედუა. საქართველოს ისტორიული წარსულიდან კარგად არის ცნობილი თავდადებული მღვდელი თევდორე. მან შემოსეულ თურქთა ლაშქარს გზა აუბნია, რისთვისაც ხმლით აკუწეს, მაგრამ ქვეყანა კი იხსნა განსაცდელისაგან (1609 წ.).

თეიმურაზ (ირანული) " სხეულით ძლიერი ". როგორც ფიქრობენ, მისი უძველესი ფორმაა ინდური თაჰმაურუპა ( " ძლიერი მელა "), მაგრამ შემდეგ ხელახლა იქნა გააზრიანებული და სახეცვლილი ირანულში. ეს სახელი ჰქვია " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს, ირანის ლეგენდარულ მეფეს. საქართველოში ამ სახელით ცნობილია ორი მეფე-პოეტი. თეიმურაზის მოფერებითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემუკო, თემიკო.

თემურ (თურქულ-მონღოლური) " რკინა ". ეს სახელი ერქვა მონღოლთა ურდოების წინამძღოლს თემურლენგს (ე. ი. " კოჭლ თემურს "), რომელსაც რუსები ტამერლანს ეძახიან; სახელი თემური მონღოლურიდან გადასულა თურქულში და ამ უკანასკნელის მეშვეობით ჩვენშიაც გავრცელდა.

თენგიზ - იგივეა რაც ჩინგიზ, რაც მონღოლურად " დიდს ", " ძლიერს " ნიშნავს. მონღოლთა ძლევანმოსილი სახელმწიფოს დამაარსებელს ჩინგიზხანს სახელად თემუჩინი ერქვა. ჩინგიზხანი ( " ძლიერი, დიდი ხანი ") მისი წოდება იყო, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქნა გაგებული. ამ სახელმა თურქულში თენგიზ-ის ფორმა მიიღო და აქედან შემოვიდა ქართულში. თურქულის მიხედვით მას ხშირად " ზღვად " თარგმნიან.

თომა (ძველი ებრაული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპის ცალი (ტყუპთაგან ერთ-ერთი) ". თომა ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს: " მოციქულთა სახელები ესე არს:...თომა და მათეოზ მეზუერე " (მათე 10, 3). თომა-საგან წარმოქმნილი გვარებია: თომაძე, თომაშვილი, თომიაშვილი, თომაია, თომავა. ამათგან თომიაშვილი გვხვდება 1523 წლის სიგელში, თომაძე – 1544 წ., დანარჩენები – XVII ს-დან.

თორნიკე (ბერძნული) კომპოზიტია, რომლის პირველი ნაწილის (თორ-) მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე - " გამარჯვება " (შდრ. ანდრონიკე, კალენიკე, ნიკანდრო, ნიკოლოზ და სხვ.). ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი (979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე, სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით.

თორღვა - ეტიმოლოგია უცნობია.

თურმან (სპარსული) აქედანაა გვარები: თურმანიშვილი, თურმანიძე, თურმანაული. თურმანიძეები ძველ საქართველოში განთქმული ექიმები იყვნენ. იხსენიებიან ძველ დოკუმენტებში XV ს-დან. იმავე ხანებიდან გვხვდება აგრეთვე თურმანიშვილის გვარიც.




ია - დღეს კაცის სახელად ცალკე აღარ გვხვდება, მაგრამ ადრე გავრცელებული სახელი იყო, რომელიც დასტურდება ჯერ კიდევ IX საუკუნეში ( " სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში "). ახლო წარსულიდან ცნობილი არიან მწერალი ია ეკალაძე და კომპოზიტორი ია კარგარეთელი. ია აწარმოებს იაშვილისა და იაძის გვარებს. კაცის სახელი ია ამჟამად იაკობ-ის შემოკლებულ ფორმად ითვლება, მაგრამ შესაძლოა მომდინარეობდეს არაბული იაჰია-საგან. სხვა წარმოშობისაა ქალის სახელი ია, რომელიც ადრეული გაზაფხულის ყვავილის სახელწოდებას უკავშირდება და დღესაც ფართოდ არის გავრცელებული.

იაგო - ესპანური ფორმაა იაკობ-ისა, ანდა მიღებულია იაგორ-ის შემოკლებით.

იადონ (ბერძნული) " მგალობელი ", " ბულბული ". გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად.

იაკინთე (ბერძნული) " იაგუნდი " (ჰქვია ყვავილს და ძვირფას ქვას). ერთ დროს ქალის სახელადაც იხმარებოდა.

იაკობ (ძველი ებრაული) " მიმყოლი ", " მიმდევარი ". თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა. ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს, ებრაელთა მამამთავარს. გვხვდება უძველეს ქართულ ტექსტებში: " ხრქუან...იაკობ და იოსებ " (მათე 13, 55). მოეპოვება მრავალგვარი ფონეტიკური ვარიანტები და კნინობით-საალერსო ფორმები: იაყობ, ყობო (ქართველ ებრაელებში), აკოფ, აკოპ (კათოლიკეებსა და გრიგორიანელებში), იაკოფ, იაკუბ, კობა, იაკო, ია, იაშა... ასევე მრავალფეროვანია მათგან წარმოქმნილი გვარები: იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობაძე, იაკობიძე, იაკოფიშვილი, იაკუბიძე, აკობაშვილი, აკოფაშვილი, აკობიძე, აკობია, აკოფია, კობიაშვილი, კობიძე და სხვ.

იამან (არაბული) " მარჯვენა " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით " იემენელი ". ნიშნავს აგრეთვე აქატს (ლურჯი ფერის ძვირფას თვალს). ეს სახელი ჰქვია " ამირანდარეჯანიანის " ერთ-ერთ პერსონაჟს. მისგან ნაწარმოებია გვარი იამანიძე.

იანვარა - ქართული სახელია, ნიშნავს " იანვარში დაბადებულს ", " იანვრისას " (შეადარეთ მარტია, მაისა). თვით სახელწოდება იანვარი თავის მხრივ მომდინარეობს რომაელთა ღვთაების იანუსის სახელისაგან, საიდანაც ნაწარმოებია აგრეთვე კაცის სახელი იანუარი ( " იანუსის კუთვნილი ", " იანუსისა "). ამიტომ ეს ორი სახელი (ქართული იანვარა, ლათინური იანუარი) ფორმით ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. იანვარა-საგან მირებულია გვარი იანვარაშვილი.

იარალი (თურქული) " შეყვარებული " (პირდაპირი მნიშვნელობით: " დაჭრილი ").

იაროსლავ (სლავური) შედგება ორი სიტყვისაგან, რომელთა მნიშვნელობაა " ნათელი " და " დიდება ". სლავურ ენებში გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც: იაროსლავა.

იასე (ბერძნული).

იასონ (ბერძნული) " მკურნალი ". ამავე სახელის მეორეგვარი გამოთქმაა იაზონ. ბერძნულ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია არგონავტების მეთაურს, რომელმაც მოხიბლა კოლხთა მეფის ასული მედეა და მისი დახმარებით გაიტაცა ოქროს საწმისი.

იაგორ - გავრცელებული სახელია რუსეთში; როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს სკანდინავიურიდან, სადაც ინგვარ ნიშნავს " ინგვეს მცველს " (ინგვე ძველ ისლანდიელთა ღვთაების სახელია და ადამიანის სახელადაც იხმარება). არსებობს მცირერიცხოვანი გვარი _ იაგორაშვილი

იგორ - წარმოშობით იგივეა, რაც იაგორ. შემოსულია რუსულიდან.

იერემია (ძველი ებრაული) " ღმერთი აღამაღლებს ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. გვიანდელი ფორმაა ერემია (იხ.).

იესე (ძველი ებრაული), როგორც ჩანს, ერთ-ერთი ვარინტული ფორმაა ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელისა ესაია||ისაია ( " ხსნა უფლისაგან ").

ივანე (ძველი ებრაული იეჰოხანან, იოჰანან - " ღმერთმა შეიწყალა ") " ვისაც ღმერთი სწყალობს ", " ღვთის მიერ შეწყალებული ". ნათლისმცემლის სახელია, რომელიც ებრაულიდან ნასესხები აქვს ბერძნულს, აქედან კი სხვადასხვა სახეცვლილებით შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში. ქართულში შემოსულია ბერძნული ვოკატივის (წოდებითი ბრუნვის) ფორმით და ხანმეტ-ჰაემეტ ტექსტებში (უფრო გვიანაც) გვხვდება იოჰანე, შემდეგ _ იოანე და იოვანე, ბოლოს – ივანე, შემოკლებით _ ვანო. ორიოდე მაგალითი: " არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი ხუფროის იოჰანეს ნათლისმცემელისა " (მათე 11, 11); " ეწოდენ მაგას იოჰანე " (ლუკა 1, 60 ჩ; შდრ. DE – იოვანე).
ცნობილი მწიგნობარი იოვანე-ბერა, ინიციატორი და რედაქტორი შატბერდის კრებულისა (X ს. 60-70-იან წლებში) და გადამწერი პარხლის ოთხთავისა (973 წ.). ამ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერში ხან იოვანე-ს ფორმით იხსენიებს თავის სახელს, ხან კი ივანე-ს ფორმით. სახელდობრ, პარხლის ოთხთავის ანდერძში ერთგან იკითხება: " ღირს ვიქმენ მე, გლახაკი იოვანე, ნართაულად ბერაი, აღსრულებად წმიდასა ამას სახარებასა ოთხთავსა " ; მეორეგან: " მე, ივანებერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა ". ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შატბერდის კრებულის ანდერძი, სადაც მწერალს ჯერ დაუწერია იოვანე, მაგრამ შემდეგ ო ამოუშლია. აქედან ჩანს, რომ X ს. მეორე ნახევარში ქართულ მეტყველებაში უკვე ივანე იყო დამკვიდრებული, მაგრამ წერისას, ლიტერატურული ტრადიციის გავლენით, ჯერ კიდევ იოვანე სჭარბობდა. შემოკლებული ფორმა ვანო (ვანა) წერილობით დადასტურებულია XVI ს-დან (1568 წ. გიორგი მეფის შეწირულობის სიგელში შდ-2901 იხსენიება ვანაძე მამისაი). შემოკლებული ფორმიდან ასევე ნაწარმოებია გვარები: ვანიძე, ვანიშვილი, ვანეშვილი. სხვა ვარიანტებიდან წარმოქმნილი გვარებია: ივანეიშვილი, ივანიშვილი, ივანიძე, ივანაური, ივანაშვილი, ივანაძე, ივანიაშვილი, ივანელაშვილი, ივანაძე, ივანიაძე, ჟვანია (_იოვანია).

ივერი - ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია (ძველი ფორმაა იბერი). აქედანაა ქვეყნის სახელწოდება ივერია (იბერია). ასე იხსენიება ქართველები და საქართველო ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. მოგვიანო ხანებში ეთნონიმი ივერი გამოყენებული იქნა პიროვნულ სახელად (ანთროპონიმად), ივერია-საგან კი წარმოიქმნა სადაურობის სახელი ივერიელი. ცნობილია რუმინეთის განმანათლებელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი (დაახლოებით 1650-1716 წწ.), წარმოშობით ქართველი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. ივერიელი (რუმინულად – ივერიანუ) მისი ზედწოდებაა და არა გვარი. გვარი ივერიელი გასულ საუკუნეში წარმოიშვა და ჯერჯერობით ძალზე მცირერიცხოვანია.

ივლიანე (ლათინური) ნიშნავს იულიუს (იულიუსის) კუთვნილს ან " ივლისის თვისას " (თვითონ თვის სახელწოდება ივლისი უკავშირდება ადამიანის სახელს იულიუსს, რომელიც წარმოშობით ბერძნულია და " თმახუჭუჭას " ნიშნავს). იმავე მნიშვნელობისაა სახელი იულონ.

ილამაზ - ეტიმოლოგია უცნობია.

ილარიონ (ბერძნული) " მხიარული ". ამ სახელით ცნობილია არაერთი საეკლესიო მოღვაწე და წმინდანი, მათ შორის – ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი, რომლის სახელსაც უკავშირდება ორი ქართული მონასტრის დაარსება ბიზანტიაში (IX ს.). ილარიონი (ყოველგვარი აფიქსის დაურთველად) გვარიც არის. საისტორიო წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ილარიონისშვილი||ილარიონასშვილი (XIV ს.), ამჟამად – ილარიშვილი.

ილია (ძველი ებრაული) " იაჰვე (იეღოვა) – ღმერთი ჩემი ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. მისი ძველი ფორმაა ელია, ბერძნული – ელიოზ. ბერძნულ მითოლოგიაში ელია||ილია ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება, მიღებული აქვს მნიშვნელობა " მზიანისა ", " მზიურისა ". ეს სახელი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც. ილია ერქვა მრავალ გამოჩენილ პიროვნებას. აქ საკმარისია გავიხსენოთ მწერალი და უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. ილიას კნინობითი ფორმებია: ილა, ილო, ილიკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ილიაძე. ამ მხრივ გაცილებით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ელია (იხ.).

იმედა (ქართული) იშვიათად ქალის სახელადაც გვხვდება (საეკლესიო კალენდრით მას შეესატყვისება ელპიდე, შეადარეთ აგრეთვე რუსული ნადეჟდა). მისგან ნაწარმოებია გვარები: იმედაშვილი, იმედაიშვილი, იმედაძე, იმედიძე.

იმერი (ქართული) პიოვნულ სახელად ქცეულია ეთნონიმი.

იობ (ძველი ებრაული) მნიშვნელობა დაზუსტებულია: საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " დევნილს ", სხვაგვარი ვარაუდით " მომნანიებელს ". მისგან ნაწარმოებია რამდენიმე ქართული გვარი: იობაძე, იობიძე, იობაშვილი, იობიშვილი, იობაია, იოვაშვილი, ჯობავა (←იობავა), ჯობაძე (←იობაძე).

იოველ (ძველი ებრაული) " უფალი ", " ღმერთი " (სიტყვა-სიტყვით : " იეღოვა-ღმერთი "). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარები: იოველიძე და ჟველაია (←იოველია).

იოთამ (ძველი ებრაული) " წმინდა არს ღმერთი "; სხვაგვარი განმარტებით: " ღმერთი სრულყოფილია ". აქედანაა იოთამიშვილი.

იონა (ძველი ებრაული) " მტრედი ". ბიბილიური წინასწარმეტყველის სახელია, გვხვდება სახარების ხანმეტ ხელნაწერებში: " ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაისო " (მათე 16, 17); " რომელი საგონებელი ხიყო ძედ... იონაისა " (ლუკა 3, 27). საისტორიო საბუთებში 1537-1538 წწ. გვხვდება გვარი იონაშვილი, რომელიც ამჟამად აღარ დასტურდება.

იორამ (ძველი ებრაული) " ღმერთი აღამაღლებს ". აქედანაა გვარები: იორამაშვილი, იორამიშვილი.

იორდანე (ძველი ებრაული) " მდინარე ", " მდინარება ". ასე ეწოდება მდინარეს პალესტინაში. აქედან ნაწარმოებია ქართული გვარები: იორდანაშვილი, იორდანიშვილი, იორდანიძე, ჟორდანია (←იორდანია).

იოსებ (ძველი ებრაული) " გამრავლება ", " მატება " ; სიტყვა-სიტყვით: " ის (ე.ი. ღმერთი) გაამრავლებს ", " შეჰმატებს ". ებრაელთა მამამთავრის, ბიბილიური იაკობის, ვაჟის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ქართულ უძველეს ძეგლებშივე გვხვდება პარალელური ფორმები – იოსებ/იოსეფ: " რომელი საგონებელ ხიყო ძედ იოსებისა " (ლუკა, 3, 23); შდრ. "...ძედ იოსეფისა " (ლუკა 3, 30). მისი კნინობითი ფორმებია: სოსო, სოსია, სოსოია, სოსიკო, ოსიკო. იოსებისა და მისი ვარიანტული ფორმებისაგან წარმოქმნილია მრავალი ქართული გვარი: იოსებაშვილი, იოსებიძე, იოსებაძე, იოსეფაშვილი, იოსეფაიშვილი, ოსიპაშვილი და სხვ.

იოსია (ძველი ებრაული) " ღმერთი იცავს ", " ღმერთი ამაგრებს ". ეს სახელი გვხვდება ქართულში უძველესი ხანიდანვე, სახელდობრ, პალესტინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ქართული წარწერა, რომელიც 532-552 წლებით თარიღდება, ასე იკითხება: " შეწევნითა ქრისტესითა და მეოხებითა წმიდისა თეოდორეისითა შეიწყალენ ანტონ აბაი და იოსია, მომსხმელი ამის სეფისაი და მამა-დედაი იოსიაისი. ამენ ". იოსიასაგან ჩანს ნაწარმოები გვარები იოსავა და იოსელიანი.

იპოლიტე (ბერძნული) " ცხენის ამხსნელი (აკაზმულობის მომხდელი) ". შეადარეთ საცხენოსნო შეჯიბრების ადგილის სახელწოდება – იპოდრომი.

ირაკლი (ბერძნული) " ჰერას დიდება (ჰერა - ზევსის მეუღლე, ქორწინებისა და ცოლქმრული სიყვარულის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში). ეს სახელი ერქვა მითიურ გმირს – ჰერას და ზევსის შვილს – ჰერკულესს ანუ ჰერაკლეს (იხ. აგრეთვე ერეკლე).

იროდიონ (ბერძნული) " გმირი ", " გოლიათი ". შემოკლებით – იროდი. ცნობილი ქართველი პოეტი იროდიონ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი).

ისაია (ძველი ებრაული) " ხსნა უფლისაგან ", " ღვთის შეწევნა ". აქედანაა გვარი ისაიაშვილი, შესაძლოა აგრეთვე - ისაშვილი და ისიანი (იხ. კიდევ ესაია).

ისაკ (ძველი ებრაული) " მოცინარი " (სიტყვასიტყვით: " ის გაიცინებს "). ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარმეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა. ისაკის ძველი ფორმაა ისააკ, რომელიც გვხვდება ხანმეტ ტექსტებში: " რომელი საგონებელ ხიყო ძედ... ისააკისა " (ლუკა 3, 34). ისაკი დასტურდება ადიშის ოთხთავში (897 წ.): " აბრაჰამ შვა ისაკი " (მათე 1, 2); " რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი (ისააკი DE) და იაკობი " (ლუკა 13, 28). ისაკ-ისაგან ნაწარმოებია გვარები ისაკაძე და ესაკია, ისააკ-საგან – სააკაძე, სააკაშვილი.

ისიდორე (ბერძნული) " ისიდას ნაჩუქარი ". ისიდა ანუ იზიდა ძველ ეგვიპტელთა მიწათმოქმედების ქალღმერთის სახელია.

ისმაილ (ძველი ებრაული) " ღმერთმა ისმინა ". ბიბლიური ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ისმაილი (მუსლიმანთა წინასწარმეტყველი, რომელიც არაბების მამამთავრად ითვლება) აჩუქა დედას მისი ლოცვა-ვედრების პასუხად. სწორედ ამიტომ დაერქვა მას ასეთი სახელი.

იულონ (ლათინური) " ივლისისა ". (იხ. უფრო დაწვრილებით ზემოთ ივლიანე).

იური – ფართოდ არის გავრცელებული რუსულში, სადაც შესულია სკანდინავიურიდან. წარმოშობით იგივეა, რაც ბერძნული გიორგი (იხ.).

იუსტინე (ლათინური) " იუსტისა ". იუსტ საკუთარი სახელია და ნიშნავს " სამართლიანს " (შეადარეთ იუსტიცია - " მართლმსაჯულება "). აქედან სუფიქსის დართვით ნაწარმოებია იუსტინე ( " იუსტის კუთვნილი ", " იუსტისა "), ხოლო ამ უკანასკნელისაგან ასეთივე გზით ნაწარმოებია იუსტინიანე ( " იუსტინეს კუთვნილი ", " იუსტინესი ").

იჩქით (ქართული) " უეცარი ", " მოულოდნელი ", " სწრაფი ", " ჩქარი ". ძველი ქართული სახელია. ერთი იჩქითი, გვარად გურგენიძე, რუსთაველის ეპოქის მოღვაწეა. იჩქითი (აფიქსების დაურთველად) გვარიც არის. გვხვდება აგრეთვე იჩქითიძე და მისი ფონეტიკური ვარიანტები – იჩქიტიძე, იჩკიტიძე და ინჩქიტიძე.




კაკი - ხურიტული სახელია, ამჟამად მიჩნეულია აკაკი-ს შემოკლებულ ფორმად, მაგრამ მის სხვაგვარ წარმოშობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აკაკი კაცის სახელია, ხოლო კაკი გურიასა და სამეგრელოში გვხვდება როგორც კაცის, ისე ქალის სახელად. მისი ფონეტიკური ვარიანტებია: კაკა, ქაქა, გაგა, გაგი (შეადარეთ აგრეთვე სომხური გაგ, გაგიკ). აქედანაა გვარები: კაკაშვილი, კაკიაშვილი.

კალე - ემთხვევა ბერძნული მამაკაცის სახელების კალენიკე-სა და კალისტრატე-ს პირველ ნაწილს (კალო-ს - " სილამაზე ", " მშვენიერება ") და მიჩნეულია მათ შემოკლებულ ფორმად, თუმცა შესაძლოა დამოუკიდებელი სახელი იყოს, ისევე როგორც ბუდუ, გაგი, კაკი და სხვანი.

კალენიკე (ბერძნული) " ლამაზი გამარჯვება " ან " ბრწყინვალედ გამარჯვებული " (არსებობს მისგან წარმოქმნილი ქალის სახელიც: კალენიკა, კალინკა). შედგება ორი სიტყვისაგან: კალოს - " სილამაზე " და ნიკე " გამარჯვება ". იგივე სიტყვები შედის ბერძნული წარმოშობის ბევრი სხვა სახელის შემადგენობაში, როგორიცაა, მაგალიტად: კალიოპი, კლიოპა, ( " ხმამშვენიერი "), კალისტო ( " ულამაზესი "), კალისტინე ( " კალისტოსი " ანუ " ულემაზესისა "), კალისტრატე ( " მშვენიერი მეომარი "), კალიდა ( " ლამაზი გარეგნობისა "), კალისა ( " ლამაზი "), ნიკანდრო ( " გამარჯვებული ვაჟკაცი "), ნიკოლოზ და სხვანი (იხ. აგრეთვე ნიკოლოზ).

კანდიდ (ლათინური) " თეთრი ", " სპეტაკი ", " გულწრფელი ".

კაპიტონ (ლათინური) - " თავიანი ", " მეთაური " (შეადარეთ კაპიტანი).

კარლო – იტალიური ფორმაა ძველი გერმანული სახელისა, რომელიც " მამაკაცს " ნიშნავს. გერმანულად გამოითქმის კარლ, ფრანგულად - შარლ, ინგლისურად - ჩარლზ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული კაცია, მეგრული კოჩია, ბერძნული არსენი და სხვ.). კარლ-ისაგან ნაწარმოებია ქალის სახელიც კაროლინა ( " კარლისა ", ე.ი. " მამაცისა ").

კარპე, კარპეზ (ბერძნული) " ნაყოფი " (შეადარეთ ეფრემ, პოლიკარპე).

კასიანე (ლათინური) " თავჩაჩქნიანი ". ძველი წმინდანის სახელია, რომლის დღესასწაულიც მოდიოდა 29 თებერვალს, ე.ი. ოთხ წელიწადში ერთხელ, ნაკიან წელიწადს. ამის გამო კასიანე ცუდი ხასიათის, ბრაზიან წმინდანად ითვლებოდა.

კაცია (ქართული) საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად (მნიშვნელობით მას შეედრება ბერძნული არსენ, გერმანული კარლ და სხვანი). მისი კნინობითია კაციტა, რომელიც დღეს შემონახულია მხოლოდ კაციტაძის გვარში. წინათ სახელი იყო აგრეთვე კაცობა (შეადარეთ მეგრული კოჩობა), საიდანაც მიღებულია კაცობაშვილის გვარი. თვითონ კაცია-საგან ნაწარმოებია გვარები: კაცია, კაცაძე, კაცაშვილი.

კახა, კახი (ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: " მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა " (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული " მამული ქვეყნის " მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: " და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი ". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ ის ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისათვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან ‘ბერ’ ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. ზემოხსენებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.

კახაბერ (ქართული) კომპოზიტია (რთული სახელი), შედგება ორი ნაწილისაგან: კახა (იხ.) და ბერი (იხ.). კახაბერი სახელიც არის და გვარიც. კახაბერი ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პირს – რაჭის, თაკვერის, გურიის ერისთავებს (XI_XV სს.)

კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი.
ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი.

კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი.

კიაზო (ბერძნული) " მკურნალი " (ეტიმოლოგია საეჭვოა).

კიკა – არაკალენდარული სახელია, რომელსაც მოეპოვება რამდენიმე ვარიანტი: კიკი, კიკილა, კიკიტა, კიკო, კიო, კოლა, კიკოლიკი. ზოგი მათგანი გვხვდება ლიტერატურულ გმირთა სახელადაც: მაგალითად, კიკოლა აკაკი წერეთლის პოემის " კიკოლას ნაამბობის " გმირია, კიკოლიკი ჰქვია გიორგი წერეთლის მოთხრობის " კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკას " ერთ-ერთ პერსონაჟს, კიკო მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო პოემის " ჭანჭიკელას " პერსონაჟია. ზემოხსენებული სახელები ამჟამად სხვადასხვა კალენდარულ სახელთა შინაურულ (კნინობით) ფორმად ითვლება, მაგრამ წარმოშობით დამოუკიდებელი სახელები ჩანს. მათგან ნაწარმოებია გვარები: კიკიანი, კიკილაშვილი, კიკალიშვილი, კიკოლაშვილი, კიკოშვილი, კიკონიშვილი, კიკაბიძე, კიკავა, კიკაძე, კიკაჩეიშვილი და სხვ.

კირილე (სპარსული) " მზე ", სხვაგვარი ეტიმოლოგიით – ესაა ბერძნული სახელის კვიროს-ის კნინობითი ფორმა ( " პატარა ბატონი ", " ბატონიშვილი ").

კიტა – ეტიმოლოგია გაურკვეველია. შესაძლოა წარმოადგენდეს ზემოხსენებული კიკიტას შემოკლებულ ფორმას. ცნობილია XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისის გამოჩენილი კრიტიკოსი და ლიტერატურის ისტორიკოსი კიტა აბაშიძე.

კიწი (ქართული) მნიშვნელობა უცნობია.

კლიმენტი (ლათინური) " მოწყალე ".

კობა (ქართული) მიჩნეულია იაკობის შემოკლებულ ფორმად, მაგრამ ამგვარი დაკავშირება გვიანდელი ამბავი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში კობა ქართულში დამოუკიდებელ სახელად არის ქცეული. ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის " მამის მკვლელის " ერთ-ერთ მოქმედ გმირს. კობა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ფსევდონიმი იყო. ამ სახელისაგან წარმოქმნილია გვარები: კობაიძე, კობიძე, კობიაშვილი.

კოზმან (ბერძნული) " გალამაზებული ", აქედანაა გვარები: კოზმანაშვილი, კოზმავა. ამავე სახელის ვარიანტებია კოზმა, კოსმა, რუსული კუზმა (შეადარეთ აგრეთვე კოსმეტიკა – სახის მოვლა-გალამაზების ხელოვნება, კოსმეა – ყვავილის სახელწოდება.).

კოკი (ქართული) მისი კნინობითი ფორმებია: კოკა, კოკინია, კოკილა. ამათგან მოდის გვარები: კოკაია, კოკაშვილი, კოკილაშვილი.

კონა – ამ ფორმით გვხვდება სირიულსა და სომხურში. ალბათ ერთ-ერთი ამათგანის მეშვეობით არის შემოსული ქართულში. ბერძნულშია კონონ. ეს ფორმა ყოფილა რუსულშიც (შეადარეთ გვარი კონონოვი). კონა სახელად ქართულში პირველად გვხვდება ერთ ძველ ძეგლში, რომლის სახელწოდებაა " მარტვილობა გურია, სამონა და აბიბოსეთი " და რომელიც ქართულად თარგმნილია VIII-IX სს-ში. აქედანაა გვარები: კონაშვილი, კონიაშვილი.

კონდრატე (ძველი გერმანული) " მამაცი კონსული ", სხვაგვარი ეტიმოლოგიით უკავშირდება ლათინურს და ნიშნავს " ოთხკუთხას " (შეადარეთ კვადრატი). ეს სიტყვა საკუთარ სახელად ქცეულია ბერძნულში და აქედანაა გადასული სხვა ენებში.

კონსტანტინე (ლათინური) " მტკიცესი ", " ურყევისა ", " მედგარისა " (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

კოპალე – ძველი ქართული ღვთაების სახელია, აქედან მოდის გვარები: კოპალეიშვილი, კოპალიანი, კობალაძე.

კორნელი (ლათინური) " რქიანი " ან " შინდი ", " შვინდა " (ორივე ახსნა საეჭვოა). ევროპულ ენებში გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც: კორნელია.

კოტე - კონსტანტინე-ს შემოკლებული ფორმაა ქართულში, აქვს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია (გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი კოტე მესხი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, მსახიობი კოტე მახარაძე). მისი კნინობითი ფორმა უნდა იყოს კოტია, კოტუა, კოტეტი, რომლებიც დაცულია გვარებში: კოტაშვილი, კოტიაშვილი, კოტეტიშვილი, კოტუა.

კოჩა (ქართული) კაცია-ს კოლხური ფორმაა (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ აგრეთვე არსენი, კარლო.)

კოხტა (ქართული) აქედანაა გვარი კოხტაშვილი.

კუკური (ქართული) " კოკობი ვარდი ", " ვარდის კოკორი ".




ლადო - მომდინარეობს ვლადიმერ-ისაგან, ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად (ლადო აღნიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ლადო გრიგოლია, ლადო ასათიანი, ლადო ავალიანი). მისი მოფერებითი ფორმაა ლადიკო.

ლავრენტი (ლათინური) ლაურუს ლათინურად ეწოდება " დაფნას " (იქიდანვეა რუს. лавр - " დაფნა "). ძველთაგანვე წესად იყო სხვადასხვაგვარი შეჯიბრების დროს გამარჯვებულის შემკობა დაფნის გვირგვინით. ამიტომ ამ სიტყვამ გადატანითი მნიშვნელობაც შეიძინა და " გამარჯვებას " ნიშნავს (აქედანაა ლაურეატი - " დაფნით შემკული " ე.ი. " გამარჯვებული "). იმავე სიტყვისაგან ნაწარმოებია აგრეთვე ქალაქის სახელწოდება ლავრენტია. ყოველივე ამის წყალობით ლავრენტი განიმარტება როგორც - " დაფნისა " (დაფნის გვირგვინის დამდგმელი " ე. ი. " გამარჯვებული ") ან " ქალაქ ლავრენტის მცხოვრები ". იმავე სიტყვის ძირისაგან ნაწარმოებია აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლავრი, ლავრა, ლაურა.

ლაზარე (ძველი ებრაული) " ღვთის წყალობა " (უფრო დაწვრილებით იხ. ელიაზარ).

ლაშა (ქართული) " ნათელი ", " შუქი ". ლაშარი სალოცავია ფშავ-ხევსურეთში, ალაშარა აფხაზურად " სინათლეს " ნიშნავს. ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან, იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან. ცნობილია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი, თამარ მეფის ვაჟი (მეფობდა 1213-1222 წლებში).

ლაშქარა (ირანული) - " მხედარი ", " მეომარი ", " მოლაშქრე ". აქედანაა გვარები: ლაშქარაძე, ლაშქარაშვილი, ლაშქარეიშვილი, ლაშქარავა.

ლეგა (ქართული) " შავგვრემანი ".

ლევან – ქართული ფორმაა ლეონ-ისა, რაც " ლომს " ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ_ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეობს; ასეთია, მაგალითად: ბერძნული ლეონ, ლათინური ლეო, გერმანული ლიოვე, რუსული ლევ... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი. იგი, როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ ეს სახელი რომ გავრცელებული ყოფილა ხალხში, ამას მოწმობს მრავალი გვარი (ლომიძე, ლომაძე, ლომაშვილი, ლომაური და სხვანი). საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით: ლეონ. მასვე უკავშირდება ლევ, ლეო და ლევან. ამათგან მომდინარე გვარებია: ლეონიძე, ლევიძე, ლევიშვილი, ლევანიშვილი და სხვ. ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია, განსაკუთრებით ხშირად იგი გვხვდება სამეგრელოს მთავრების (დადიანების) საგვარეულო სახელად. საერთოდ, ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდება XIII ს-დან, ლეონი – V საუკუნიდან.

ლელო (ქართული).

ლეო (ლათინური) " ლომი " ; აქედან – ლეონ (←ლეონის " ლომისა ") დაწვრილებით იხ. ლევან. ლეონი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისთავს, ვახტანგ გორგასლის ვაჟს, ვახტანგ მეექვსის მამას, ერეკლე მეორის ვაჟს და ა.შ. ლიტერატურულ პერსონაჟთაგან ლეონი ჰქვია მეფის ვაჟის, ჯუმბერის, აღმზრდელს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე-სიცრუისაში ".

ლეონიდე (ბერძნული) " ლომის მსგავსი ".

ლეონტი (ბერძნული) " ლომისა ". ცნობილია ძველი ქართველი ისტორიკოსი, " ქართლის ცხოვრების " აღმწერთაგანი, ლეონტი მროველი. ხალხში გვხვდება პარალელური ფორმა ლევანტი (შეადარეთ: ლეონ//ლევან).

ლილე (ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. აქედან ჩანს ნაწარმოები გვარები: ლილაძე, ლილუაშვილი, ლილაური. ამათგან პირველი გვხვდება ისტორიულ დოკუმენტებში (XVIIს.).

ლიპარიტ – ქართული სახელია გაურკვეველი მნიშვნელობისა. ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება XI ს-დან. ლიპარიტი თრიალეთის ერისთავთა საგვარეულო სახელია და ბევრი მათგანი იხსენიება " ქართლის ცხოვრებაში ". ქართულიდან შემოსულია სომხურში. ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია: ლიპარტაშვილი, ლიპარტიანი, ლიპარტია, ლიპარტელიანი, ლიპარია, ლიპარიძე, ლიპარიშვილი.

ლომინ (ქართული) არაკალენდარული სახელია, საეკლესიიო კალენდრის მიხედვით მას შეეფარდება ლეონ, ლეონტი, არსიანე (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ აგრეთვე ებრაული არიელ, თურქული არსლან, ასლან და სხვანი). წინათ გვხვდებოდა აგრეთვე ლომ-ისაგან ნაწარმოები ქართული სახელები: ლომია, ლომისა. მათგან ნაწარმოებია მრავალი გვარი: ლომიძე, ლომაძე, ლომიშვილი, ლომაშვილი, ლომიაშვილი, ლომაური, ლომაია, ლომია, ლომთაძე, ლომთათიძე, ლომინაძე, ლომინაშვილი, ლომინეიშვილი, ლომსაძე და სხვანი.

ლონგინოზ (ბერძნული) " შუბოსანი " ან (ლათინური) " გრძელი ", " ხანდაზმული ". მისი შემოკლებული ფორმაა ლონგო.

ლუარსაბ - ეს ირანული სახელი ორი სიტყვისაგან შედგება: რუდჰრ " წითელი " და ასპ " ცხენი ". მაშასადამე რუდჰრ-ასპ (საიდანაც მიღებულია სპარული ლუჰრასპ), ნიშნავს " წითელ (ქურანა, წაბლა) ცხენს ". აღსანიშნავია, რომ ირანელები ცხენს დიდ პატივს სცემდნენ და მასთან დაკავშირებულ სახელებს ხშირად არქმევდნენ ბავშვებს. ამიტომაც იქ ბევრია ასპ ( " ცხენი ") დაბოლოებიანი სახელები, რომელთაგან ზოგი ქართულშიც დასტურდება: გულასპი, გორჯასპი (←გოჯასპირ), ბევრასპი, ხაზარასპი და სხვა. ლუჰრასპი ჰქვია " შაჰ-ნამეს " გმირს, ლეგენდარულ მეფეს. საქართველოში ლუარსაბი ერქვა ორ მეფეს XVI-XVII საუკუნეებში. ლუასრაბის შემოკლებული ფორმაა ლუა, ფონეტიკური ვარიანტია ლევარსი. ამ სახელისაგან მიღებულია გვარები: ლუარსაბიშვილი, ლუარსამიძე, ლუაშვილი.

ლუკა – ლათინური ლუქს ( " სინათლე ") სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის - " სინათლისა ", " ნათლისა ") ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმიაში. იმავე ლათინური სიტყვისაგან მომდინარეობს აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლუკიანე, ლუკილიანე, ლუკრეციუსი, ლუკიანა, ლუკინა, ლუკია, ლუკრეცია. ქართულში ლუკა-საგან ნაწარმოებია გვარები; ლუკაშვილი, ლუკავა.

ლუხუმ – გავრცელებული სახელია მთის კუთხეებში. ეტიმოლოგია უცნობია. ლუხუმი ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტიონის " ერთ-ერთ გმირს, ფშავ-ხევსურთა ლაშქრის მეთაურს, სახელოვან მეომარს.


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი